საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს გაუმჯობესებული მაჩვენებელი საერთაშორისო რეიტინგებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს საერთაშორისო რანჟირებაში გაუმჯობესებული მაჩვენებლებით ხვდება. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უნივერსიტეტმა რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში გააუმჯობესა მაჩვენებლები. “ეს გახლავთ უპირველესად Times Higher Education, ეს ყველაზე სანდო რეიტინგია, სადაც შედის მსოფლიოში 1000 ყველაზე წარმატებული და გლობალური იმპაქტის მქონე უნივერსიტეტი. ჩვენ ვართ მე-800 ადგილზე და ვაპირებთ, რომ გავაუმჯობესოთ ეს შედეგიც“. მისივე ინფორმაციით, Thomson Reuters საერთაშორისო რანჟირების სისტემაში ფიზიკური მეცნიერებების მიხედვით თსუ 184-ე ადგილზე გადავიდა მსოფლიოს 248 უნივერსიტეტს შორის. ეს მაჩვენებელი ერთი თვის წინ გაუმჯობესდა.
თსუ ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს სამეცნიერო საგრანტო კონკურსებშიც. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში საერთო რაოდენობიდან თსუ-მ ფუნდამენტურ კვლევებში 36%, გამოყენებით კვლევებში 42%, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში 38%, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში 54%, მაგისტრანტთა სასწავლო კვლევით პროექტებში 64%, უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისთვის სახლმწიფო გრანტების კონკურსში 33%, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტების და უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში 37% მოიპოვა.
“აქტიური თანამშრომლობა გრძელდება რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან. ძალიან ბევრი გრანტი აქვთ მოპოვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს და მეცნიერებს. ამასთან, უნივერსიტეტმა შეძლო წელს და მოიზიდა ყველაზე წარმატებული და ყველაზე ბევრი მაგისტრანტი. სტუდენტებმა გააკეთეს თავისი არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და არ წააგებენ“ - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
,,თსუ აქტიურად მუშაობს საგარეო მიმართულებით და გაცვლით პროექტებში ის რეგიონის უპირობო ლიდერია. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ ევროკომისიის საგანმანათლებლო პროგრამის „ერასმუს+“ 56 პროექტში მონაწილეობს, ასევე, ჩაერთო ჰორიზონტი 2020-ის პროექტებში,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.



თარიღი: 07/11/2018