საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტები და პროფესორები ბოლონიის, ვიტაუტას მაგნუსისა და ზაგრების უნივერსიტეტების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში ჩაერთვებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი 2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან ბოლონიის უნივერსიტეტის, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტისა და ზაგრების უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაში  ,,აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევები (MIREES) ჩაერთვებიან. 
 

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ ხელი მოაწერა განზრახულობათა ოქმს, რომლის ფარგლებშიც თსუ-ს მიენიჭა ბოლონიის უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტების თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ,,აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევები (MIREES)“ ასოცირებული პარტნიორის სტატუსი.


შეთანხმების თანახმად, სამაგისტრო პროგრამის „აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევები“ სტუდენტები, კურიკულუმით გათვალისწინებულ სავალდებულო მობილობის სემესტრს განახორციელებენ თსუ-ში, რის სანაცვლოდაც თსუ-ს სტუდენტები სასწავლებლად გაემგზავრებიან კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებში. თსუ ასევე, უმასპინძლებს პროგრამაზე რეგისტრირებულ სტუდენტებს სამაგისტრო ნაშრომებზე მუშაობის მიზნით და გამოყოფს აკადემიური სტატუსის მქონე წარმომადგენელს, MIREES პროგრამულ კომიტეტში სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მიზნით.
 

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, თსუ, სტუდენტების მობილობასთან ერთად, განხორციელდება აკადემიური პერსონალის გაცვლა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბოლონიის უნივერსიტეტთან არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო მჭიდრო ფორმატში გადაყვანას. თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას ინფორმაციით, უკვე შერჩეულია აკადემიური პერსონალი, რომელიც პირველ ეტაპზე წავა ბოლონიაში და პროგრამის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს. „ჩვენი მხრიდან სტუდენტების შერჩევა ხდება ბრძანების საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრულია სტუდენტების მობილობით საზღვარგარეთ გაგზავნის წესი და შერჩევის კრიტერიუმები. აკადემიური პერსონალის შერჩევის შემთხვევაშიც რექტორის ბრძანებით რეგულირდება კომისიის შემადგენლობაც და შერჩევის კრიტერიუმებიც“ , - აღნიშნა თეა გერგედავამ. 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროგრამული კომიტეტის მიერ, რომელმაც შეისწავლა თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პოტენციალი და შესაბამისობა პროგრამის მიზნებთან. პროგრამული კომიტეტი დაკომპლექტებულია ბოლონიის, ვიტაუტას მაგნუსის და ზაგრების უნივერისტეტების აკადემიური პერსონალის მიერ. 
 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შერჩევა მოხდა სხვადასხვა ხასიათის კომუნიკაციის, ვიზიტების, ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეების განხილვა-შესწავლის შედეგად. წელიწადზე ცოტა მეტი გრძელდებოდა ეს პროცესი. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხაზს უსვამს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულუფლებიან წევრობას ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენ, როგორც ერთ-ერთი ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტი ვმონაწილეობთ ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამის იმპლემენტაციაში, რომელიც შეიქმნა ბოლონიის უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა თეა გერგედავამ.


თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ფიქრია ასანიშვილი ერთ-ერთია, ვინც პირველი გაემგზავრება ბოლონიის უნიერსიტეტში. 


„2022 წლის აპრილში ბოლონიის უნივერისტეტის პროფესორი მარკო პულერი დაგვიკავშირდა თანამშრომლობის წინადადებით. განაცხადა რომ ერასმუს+ მობილობის ფარგლებში მათმა სტუდენტებმა გაიარეს კურსები ჩვენ სამაგისტრო პროგრამაზე, რომლებიც ძალიან კმაოყოფილები დარჩნენ და გამოთქვა სურვილი, ეს თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებულიყო. 2023 წლის აპრილში მე მივემგზავრები ბოლონიის უნივერსიტეტში. გარდა ამისა, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში  გვესტუმრებიან ბოლონიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც და ჩვენი პროგრამიდან დაესწრებიან შემდეგ კურსებს: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი და ახალი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევროპის  რეგიონული სამეზობლო პოლიტიკა, რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში,რუსეთის საგარეო პოლიტიკა”,- აღნიშნა ფიქრია ასანიშვილმა.









 

თარიღი: 27/12/2022