საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ყველა სტუდენტს თანაბარ პირობებს უქმნის

2017 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება. უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით, გამჭვირვალობისა და პარიტეტის დასაცავად შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. საბჭო შეიმუშავებს იმ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც გაიცემა დაფინანსება სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად, ახალი წესი თანაბარ პირობებს შექმნის ყველა სტუდენტისთვის.  „ამით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება პრობლემა, რომ შიდასაუნივერსიტეტო ფინანსები არაობიექტურად ნაწილდებოდა და დაინერგება  საუნივერსიტეტო სახსრების ღიად, გამჭვირვალედ,  ობიექტურად  გადანაწილების მექანიზმი. სტუდენტური პროექტების დაფინანსება მოხდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე“ - განმარტა გიორგი შარვაშიძემ. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საბჭოს თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს.
2017 წელს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები - შემცირებულია ხარჯები - მივლინების (-26,9%), ოფისის (-11,15%), წარმომადგენლობითი (-30,05%), ასევე შრომის ანაზღაურების მიმართულებით. თუმცა, ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტების სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობისთვის დაფინანსება. რექტორის განცხადებით, ბიუჯეტში ეს მუხლი გამოიყო ცალკე და 2017 წელს სტუდენტურ კვლევებზე 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ამასთან, ბიუჯეტიდან გამოიყო დაფინანსება უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში პირობების გასაუმჯობესებლად. მიმდინარე წელს დაფინანსდა სველი წერტილების და სამრეცხაოს რემონტი, შეძენილია სარეცხი მანქანები. ამ ეტაპზე კი საერთო საცხოვრებელში იწყება სარემონტო სამუშაოები რესურსცენტრის მოსაწყობად, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ტექნიკა. შესაბამისად, იქ მცხოვრებ ყველა სტუდენტს ექნება თავისუფალი წვდომა ინტერნეტ-რესურსებთან.
მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სტუდენტთა პირობები. რექტორის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ადგილების რაოდენობა გაორმაგდება, გაიხსნება  კვების ახალი ობიექტი, ახალი სტუდენტური ბარათი კი სტუდენტებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებას მისცემს.   


თარიღი: 02/11/2018