საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“ გაიხსნა

გვიანი შუა საუკუნეების უნიკალური ხელნაწერი - გელათის გულანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია - აკაკი შანიძის „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში“(1920 წ.), უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთაგან პირველი დაცული დისერტაცია - არნოლდ ჩიქობავას „მარტივი წინადადება ქართულში“, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ვარიანტები(1978 წ.), მათ შორის ის პროექტი, რომელმაც ქართული საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომები, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებული წიგნები გამოიფინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.   გამოფენა, რომლის ორგანიზატორი თსუ ბიბლიოთეკაა, ენის კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, სტუდენტები, პროფესორები, სტუმრები ესწრებოდნენ.
„სიმბოლურია, რომ  ენის კვირეული იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან  სწორედ აქ გაღვივდა ის მუხტი პროტესტისა, რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა ჩვენი ენის, ერის გამარჯვებასთან. გამოფენაზე წარმოდგენილია ძალიან საინტერესო ექსპოზიცია, მათ შორის ის მასალები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც უნივერსიტეტის, ისე ქართული სახელმწიფოს ისტორიასთან,“- აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ალექსანდრე ცისკარიძემ. 
„თსუ ბიბლიოთეკის საცავებიდან გამოიფინა იშვიათი წიგნები, რომლებიც აჩვენებენ ქართული ენისადმი ჩვენი მეცნიერების დამოკიდებულებას. გამოფენას „ბურჯი ეროვნებისა“ დავარქვით. აქ წარმოდგენილია ცნობილ ენათმეცნიერთა, ასევე, უცხოელ ქართველოლოგთა ნაშრომებიც, რომლებიც ასახავენ ჩვენი ენის სიღრმეს, მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს,“- განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა. 
გამოფენა „ბურჯი ეროვნებისა“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 აპრილამდე გასტანს.    

თარიღი: 16/04/2019