ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით თსუ-ში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებმა, ასევე კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია დაესწრო და საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა, იმ გარემოებას, რომ თსუ მუდამ მზადაა მხარი დაუჭიროს ბავშვების განათლებისა და განვითარების ხელშემწყობ ინიციატივებს.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მონაწილეობა ქიმიისა და ფიზიკის სახალისო ცდებში, ჩართულიყვნენ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში სპეციალურად მოწყობილ ქვიშის მოედანზე და აღმოეჩინათ დამალული არტეფაქტები. ისინი ასევე გაეცნენ კალიგრაფისტების ნამუშევრებს და ჩაერთნენ მრავალფეროვან შემოქმედებით და საგანმანათლებლო აქტივობებში. საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს ჭოხონელიძეების სტუდიის პატარა მსახიობებმა და Lan’Art-ის ბალერინებმა. ღონისძიების პატარა სტუმრებსა და მონაწილეებს ლოკო-მოკო გაუმასპინძლდა.