თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრისა და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს თსუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას.
ღონისძიების მონაწილეებს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვანია სტუდენტების პროფესიული განვითარების და შრომის ბაზარზე მათი ინტეგრაციისთვის. „დიდი მადლობა თითოეულ კომპანიას, რომელიც დღეს თსუ-ში შეიკრიბა და ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობა მისცა. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა დღესვე შეძლონ საკუთარი პროფესიული გზის გაკვალვა. უნივერსიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ ინიციატივებს და ხელს შეუწყობს სტუდენტების კარიერულ წინსვლას,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო 50-მდე ქართული კომპანია, რომლებმაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აკადემიური და პროფესიული პროგრამების შესაბამისი პროფილური ვაკანსიები შესთავაზეს.
დასაქმების ფორუმი ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც სტუდენტებს რეალურ სამუშაო გამოცდილების მიღებასა და კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.
ფორუმის მონაწილეებს ასევე მიმართეს, თსუ რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ, სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლაშვილმა და დასაქმების სააგენტო HR.GE-ს გენერალური დირექტორმა გიორგი კიკნაძემ.
ღონისძიების მხარდამჭერია დასაქმების სააგენტო HR.GE.