საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა „ენის საკითხი“ გაიხსნა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები 1978 წლიდან დღემდე ქართული ენის ისტორიას, დღევანდელობასა და მომავალს, ქართულ ენასთან დაკავშირებულ ტრანსლიტერაციის, ფონეტიკის, მორფოლოგიის და სინტაქსის საკითხებს მოიცავდა.
 

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თსუ-ის მუზეუმი აწყობს გამოფენას. ექსპოზიციაზე ყურადღება გამახვილდება უნივერსიტეტის ისტორიის ფონდში დაცულ ფოტოებსა და ხელნაწერებზე.

 

ექსპონატთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დამთვალიერებელი პირველად იხილავს ზაზა ალექსიძის მოხსენების ტექსტს, რომელითაც  იგი 1978 წლის 14 აპრილს გამართულ ენის რეფორმასთან დაკავშირებულ  ღონისძიებაზე წარსდგა.

 

დამთვალიერებელს  საშუალება ექნება გაეცნოს მარიკა ლორთქიფანიძის მოგონებებს 1978 წლის 14 აპრილს ქვეყანასა და უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების შესახებ, რომლებიც პირველად გამოდის ფართო საზოგადოების წინაშე.

 

ასევე პირველად იფინება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთი აქტიური სტუდენტისა და  სტუდენტთა საპროტესტო აქციის ორგანიზატორის თამარ მახარობლიძის დოკუმენტები და თსუ-ის  ფილოლოგიის  ფაკულტეტის  სტუდენტთა საპროტესტო  განცხადება,  1978  წლის 14 აპრილით  დათარიღებული, რომელსაც  თან ერთვის  ხელმოწერები.

 

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილისა და დავით კანდელაკის დოკუმენტები ქართული ენის მნიშვნელობაზე. აგრეთვე იხილავთ: იოსებ ყიფშიძის, გიორგი ახვლედიანის, აკაკი შანიძისა და იუსტინე აბულაძის ჩანაწერებს ქართული ენისა და ანბანის ისტორიის შესახებ.

 

გარდა ამისა წარმოდგენილი იქნება: ელენე  ახვლედიანის ნამუშევრები, ქართული ანბანის მიხედვით  შექმნილი  საზედაო  ასოები, ქართული პალეოგრაფიული ძეგლის  მულაჟი, ფოტოები და მემორიალური ნივთები.

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების საქმეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და მისმა სტუდენტებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებთან და მთელ საზოგადოებასთან ერთად 1978 წლის 14 აპრილს შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწიეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ წელს აღნიშნავს ქართული ენის დღეს,“- განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.
 

სამეცნიერო კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.
 

სამეცნიერო კონფერენციაზე ქართული ენის ფონეტიკის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თსუ პროფესორი ივანე ლეჟავა და თსუ ემერიტუს პროფესორი ციური ახვლედიანი დაჯილდოვდნენ გიორგი ახვლედიანის მედლით - მცირე ბარელიეფით, როლის ავტორია ქართველი მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია.

           

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული 1978 წლის 14 აპრილს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების შესახებ. სტუდენტების, პროფესორების, ქართული საზოგადოების საპროტესტო აქცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო გამარჯვებით დასრულდა - ქართულმა ენამ კვლავ შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი.

თარიღი: 10/04/2023