ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით, 21 აპრილს, 11:30 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართება გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართველი მეცნიერის მრავალმხრივ სამეცნიერო მემკვიდრეობას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ივანე ჯავახიშვილის ძირითადი ნაშრომები, მათ შორის მისი ფუნდამენტური კვლევები საქართველოს ისტორიის, სამართლის, ეკონომიკისა და კულტურის საკითხებზე; ივანე ჯავახიშვილის მიერ ქართულ და უცხო ენებზე გამოცემული, როგორც წიგნად, ასევე პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული 100-მდე ერთეული. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს 1899 წელს დაბეჭდილი მისი პირველი სამეცნიერო სტატია - Мудрость Балавара. Перевод Записки Восточнаго отделения Императорскаго Русскаго археологическаго Об-ва: т. XI.- СПб.-1899.- с.1-48., აგრეთვე ის ფუნდამენტური ნაშრომები, რომლებიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას.
ცნობილია, რომ ივანე ჯავახიშვილი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ქართული არქიტექტურული ძეგლებისადმი, ტაძრებისა და ისტორიული ნაგებობებისადმი, რომელთაც ფოტოფირზე აფიქსირებდა. ექსპოზიციაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება მეცნიერის პირადი ნივთები, მისი გადაღებული უნიკალური ფოტოები, რომლიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მემკვიდრეების საოჯახო არქივებში და მნიშვნელოვან ისტორიულ-დოკუმენტურ მასალას წარმოადგენს.
გამოფენა მიზნად ისახავს ივანე ჯავახიშვილის მდიდარი სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას, მისი ღვაწლის დაფასებას.