საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრების განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებს ყველა სტუდენტს, პროფესორს, თანამშრომელს ერთიანობისკენ, რათა მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ სავალალო შედეგებამდე.

სამწუხაროდ, ბოლო დღეებში გავრცელდა არა მარტო დაუზუსტებელი, არამედ მიზანმიმართულად შეურაცხმყოფელი განცხადებები. მძიმე ბრალდებები წაუყენეს როგორც რექტორს, ასევე ორივე სტუდენტური აქციის მონაწილეებს და კანცლერობის კანდიდატს. გამოითქვა სერიოზული და უაპელაციო ურთიერთბრალდებები, რაც დაუშვებელია. სამწუხაროდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

ჩვენთვის მიუღებელია ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს უნივერსიტეტისა და მისი მმართველი ორგანოების პარალიზებას. მიუღებელია როგორც ფიზიკური ძალადობა, ასევე მორალური ზეწოლა.

მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით პროფესურას, თავი შეიკავოს მკვეთრი განცხადებებისგან, ორივე სტუდენტური აქციის მონაწილეები ჩვენი სტუდენტები არიან, ვალდებულნი ვართ, მოვუსმინოთ ყველას, გავითვალისწინოთ მათი კონსტრუქციული მოსაზრებები და  მათთან ერთად მოვძებნოთ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან.

თარიღი: 26/02/2018