საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „იმუნოლოგიური კვლევის მეთოდების სკოლა უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით“ გაიხსნა. სეზონური სკოლის ფარგლებში 40 სტუდენტი გაივლის თეორიულ კურსს, რომელთაც საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ცნობილი პროფესორები წაუკითხავენ ლექციებს, მათგან 20 სტუდენტი დაეუფლება იმუნოლოგიური კვლევის პრაქტიკულ/ ლაბორატორიულ მეთოდებს.
სკოლის მოწვეული ლექტორები ძირითადად თსუ იმუნოლოგიის კათედრის კურსდამთავრებულები არიან, რომელთა ნაწილი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მოღვაწეობს ნაწილი კი უცხოეთში: აგასტას უნივერსიტეტი (აშშ), ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), ჰანოვერის უმაღლესი სამედიცინო სკოლა (გერმანია), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (საუ), ბურგუნდიის უნივერსიტეტი (საფრანგეთი).
„უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროფესორების, მეცნიერების, მკვლევრების დაბრუნებას, რეინტეგრაციას, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. კვლევის დაბრუნება სწავლებაში ეს არის ის მაგისტრალური მიმართულება, რომელიც გააჩნია უნივერსიტეტს და საითაც იქნება ჩვენი ძირითადი აქცენტი და ყურადღება გადატანილი უახლოესი 4 წლის განმავლობაში. ამდენად, მგონია, რომ სკოლის მუშაობის ეს ფორმატი არის ძალიან კარგი, ვხედავ ბევრ სტუდენტს, რომელიც მონაწილეობს დღევანდელ შეხვედრაში, რაც ძალიან სასიხარულოა“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
სკოლა განკუთვნილია საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების, ასევე საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის იმუნოლოგიის დარგის ან მომიჯნავე მიმართულებებით.  სეზონური სკოლის მიზანია ინტენსიური  ერთკვირიანი თეორიული და პრაქტიკული  კურსის გავლის გზით ხელი შეუწყოს საქართველოში იმუნოლოგიით დაინტერესებულ ახალგაზრდა მეცნიერთა და მომავალ მკვლევართა პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლებას. სკოლის მონაწილეები არიან თსუ-სა და სხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები:თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (დტსუ), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (საუ) და  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ).
სეზონური სკოლა მიზნად ისახავს დაანახოს მომავალ მეცნიერებს იმუნოლოგიის დარგში ბიოსამედიცინო სამეცნიერო კვლევების პოტენციალი კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზაზე; სკოლის მონაწილეებს შეასწავლონ კვლევისა და დიაგნოსტიკის ახალი მეთოდები, გაიღრმავონ ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო პრაქტიკული უნარები. ასევე, სკოლა სამეცნიერო კონტაქტების დამყარებისა და გაფართოების საშუალებას მისცეს მონაწილეებს როგორც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ასევე უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებთან.
სკოლა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.




თარიღი: 29/10/2018