საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიის ქვეყნების ოკუპაციურ თერაპევტთა III საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიის ქვეყნების ოკუპაციურ თერაპევტთა III საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციური თერაპიის სწავლების მეათე წლისთავს მიეძღვნა და მასზე საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და ოკუპაციური თერაპიის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
,,2006 წლიდან დღემდე, თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ქვეყანას ოკუპაციურ თერაპევტებს უმზადებს. დღეისთვის თსუ ოკუპაციური თერაპიის მიმართულებაზე 20 სტუდენტი სწავლობს და ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც საქართველოში არსებობს. ამისი მიზეზი ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციური თერაპიის შესახებ მწირი ინფორმაციაა. მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს, ოკუპაციურ თერაპევტთა მსოფლიო ფედერაციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა აღიარა, როგორც მსოფლიო ფედერაციის მიერ შემუშავებული  სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების პროგრამა,"- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, არსებული სტატისტიკით, საქართველოში ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრიატის ყველა კურსდამთავრებული მაშინვე საქმდება საკუთარი პროფესიით, ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ადგილზეც კი.  მიუხედავად ასპროცენტიანი დასაქმების კოეფიციენტისა და საკმაოდ ნორმალური ხელფასისა, პროგრამაზე მიღებისას სტუდენტთა კონტინგენტი საკმაოდ მცირეა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ალექსანდრე ცისკარიძის განცხადებით, ,,ოკუპაციური თერაპია სამედიცინო რეაბილიტაციის ერთ-ერთი ნაწილია, რაც გულისხმობს დაავადებული პაციენტის  მეტ სოციალიზაციას, მეტ ინტეგრაციას საზოგადოებაში. ჩვენ უკვე 10 წელია ამ მიმართულებით ვამზადებთ ბაკალავრებს, რომლებიც  აქტიურად არიან დასაქმებული.’’
ვიკის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორმა სალვადორ სიმო ალგადომ წაიკითხა მოხსენება თემაზე - ,,ოკუპაციური თერაპევტების პროფესიული იდენტობა: განათლება, კვლევა და ინტერვენციის ინტეგრირება’’. ,,დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კონფერენციას ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები   ესწრებიან, რომლებიც ერთად იმუშავებენ  სხვადასხვა საკითხზე, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას’’,  - აღნიშნა სალვადორ სიმო ალგადომ.
დღეს საქართველოში მხოლოდ 30 დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტია, ანუ 1 მილიონ მოსახლეზე მხოლოდ 8 ოკუპირებული თერაპევტია. შედარებისთვის -ლიტვაში ათას მაცხოვრებელზე 10 სპეციალისტია, ნორვეგიაში ათას მოსახლეზე 80 ოკუპირებული თერაპევტი მოდის.  
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში მოღვაწე ოკუპაციური თერაპევტები, ასევე მოწვეული სტუმრები ესპანეთიდან და ჰოლანდიიდან. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მომიჯნავე დარგის სპეციალისტები.
კონფერენციის ძირითადი მიზანია ოკუპაციური თერაპიის სწავლების ათწლიანი გამოცდილების შეფასება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებათა გაანალიზების ფონზე, საერთაშორისო პროექტების ინიცირება და რეგიონში ოკუპაციური თერაპიის ცნობადობის დონის ამაღლება.

თარიღი: 23/10/2018