ბრნოში (ჩეხეთი), მასარიკის უნივერსიტეტში პროექტის „კვლევების პასუხისმგებლიანი წარმართვა – სამეცნიერო კეთილსინდისიერება და ეთიკა საქართველოს უნივერსიტეტებში (ETHICS)“ კონსორციუმის მესამე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე ნინო ოკრიბელაშვილი და პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა მონაწილეობდნენ.
ETHICS არის Erasmus+ CBHE (Capacity Building in Higher Education) პროგრამით დაფინანსებული სტრუქტურული რეფორმის ეროვნული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტებისთვის.
ETHICS პროექტის მიზანია სისტემური ცვლილებების მეშვეობით გაუმჯობესდეს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების კვლევის ხარისხი, დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები, გაიზარდოს მეცნიერების გამჭვირვალობა და ეთიკური პრაქტიკა.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მიმდინარე პროგრესი, სამუშაო ჯგუფების აქტივობები და სამომავლო გეგმები. პარტნიორებმა წარმოადგინეს ანგარიშები შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: 1. დოქტორანტურის პროგრამების აკრედიტაციის საკითხები და ექსპერტების პროფესიული ტრენინგი; 2.კვლევის მთლიანობისა და ეთიკის მოდულის პილოტირება, რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი პრაქტიკის სტანდარტების ამაღლებას; 3, უნივერსიტეტებში ეთიკის ოფიცრების მომზადება და მათი როლის გაძლიერება; 4. კვლევითი ეთიკის კომიტეტების მუშაობა და პოლიტიკის დოკუმენტების განვითარება; 5.კვლევის მთლიანობისა და ეთიკის მხარდაჭერის სერვისების დანერგვა და პასუხისმგებელი სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება.
პროექტი, რომლის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, უზრუნველყოფს კვლევითი პერსონალის, დოქტორანტებისა და ინსტიტუციების სრულ მხარდაჭერას, მათ შორის, ძირითადი რესურსებსა და მასალებიზე წვდომას, რაც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის კვლევების განხორციელებას.
ევროკავშირის პროგრამა ხელს უწყობს უმაღლეს განათლებაში შესაძლებლობების გაძლიერებას.