საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლალი ქეცბა-ხუნდაძის გერმანულ ენაზე შექმნილი ლექსების კრებული გერმანიაში გამოიცა

თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელ, პროფესორ, დოქტორ ლალი ქეცბა-ხუნდაძის გერმანულ ენაზე შექმნილი ლექსების კრებული გერმანიაში გამოიცა. ლექსების კრებული "Spiel der Laute. Deutsche Lyrik aus Georgien" („ბგერების თამაში. გერმანული ლირიკა საქართველოდან“) 2018 წლის ივლისში გამოსცა ცნობილმა გამომცემლობამ Grupello ქ.დიუსელდორფში.

როგორც გერმანელი რეცენზენტები (დოქტ. ჰანს ვერნერ შარფი, პროფ.ფოლკერ დიორი და პროფ.ფრანკ თომას გრუბი) აღნიშნავენ, ლალი ქეცბა-ხუნდაძის მიერ ორიგინალის ენაზე შექმნილი ლექსები ენობრივი რეფლექსიის სიღრმით გამოირჩევა. ბუნებისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს, დროისა და სივრცის აღქმას, მოგონებებსა და ყოველდღიურობის ცხოვრებისეულ განცდებს იგი მაღალი რანგის ლირიულ მინიატურებად აქცევს. გამოხატვის ექსპრესიული მანერით, გერმანულ ენასთან ესთეტიკური თამაშითა და გამონათქვამების დახვეწილი ფორმით, ავტორი სამყაროს აღქმის მისეულ, თვითმყოფად პოეტურ სტილს გვთავაზობს.

ლექსების კრებულის გამოცემა განხორციელდა თვით გამომცემლობა Grupello-ს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მარიონ დენჰოფის ფონდის მხარდაჭერით.
ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წლის 12 ოქტომბერს კრებული საჯარო კითხვით წარმოადგინა (მოდერატორი პროფ.ალ.კარტოზია). ასევე 22 ოქტომბერს, ავსტრიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და წიგნის მაღაზიათა ცნობილი ქსელის „THALIA Buchhandlung“ ორგანიზებით ვენაში გაიმართა კრებულის პრეზენტაცია (მოდერატორი ზაალ ანდრონიკაშვილი).

2019 წლის 13 მაისს საქართველოს მწერალთა სახლში პროექტის „გერმანული ენის თვე. სამი ქვეყანა ერთი ენა“ ფარგლებში მოეწყო კრებულის პრეზენტაცია. ორგანიზატორი: გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური თბილისში (DAAD) და მისი ხელმძღვანელი, გებჰარდ როილი (მოდერატორი).

პრეზენტაცია გახსნა გერმანისტმა და პუბლიცისტმა ლაშა ბაქრაძემ ცნობილი გერმანულენოვანი მწერლის ნინო ხარატიშვილის გზავნილით:
„ლალი ქეცბა-ხუნდაძის ლექსები სინამდვილის დახვეწილი, მომენტალური ჩანახატებია, რომელთა ენაც თავისი სიმსუბუქით წამიერად ზემოქმედებას ახდენს, ის თითქოს ქედს იხრის იმ სიტყვების წინაშე, რომლებითაც საგნებისა და გრძნობების აღწერას, მათ შეჩერებას, დაფიქსირებას ცდილობს. ამ სიტყვებს ზაფხულში უეცრად წარმოქმნილი მსუბუქი სიოს ძალა აქვთ, რომელიც ღია აივნიდან შემოიჭრება ხოლმე და მალევე გადაივლის. მაგრამ მისი სიტყვები, კანზე შეუმჩნევლად დარჩენილი ანაბეჭდების მსგავსად, მყიფე, მოკრძალებული და ნაზი, გაოცებითა და სიყვარულით აღსავსე ყველაფრის მიმართ, რაც კი აღწერისა და დაფიქსირების ღირსია, ჩვენს ფიქრებში რჩება.“ ნინო ხარატიშვილი, 11 მაისი 2019.
იგი ხანგრძლივი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის მედლით.

 
 



 
 






თარიღი: 20/05/2019