საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლაშა ასანიძე - ახალგაზრდა გეოგრაფი თსუ-დან

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსზე დარეგისტრირებული 108 საპროექტო განაცხადიდან საბოლოოდ 33 პროექტი შეირჩა. ერთ-ერთი აქედან თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მკვლევარის, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის ლაშა ასანიძის პროექტიც - „საქართველოს ბაქნური კარსტის ფოტოგრამმეტრია“ გახლდათ. მის ფარგლებში გათვალისწინებულია კარსტული რელიეფის ფოტოგრამმეტრიული აგეგმვა ზემო იმერეთის სტრუქტურულ პლატოზე, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ლანდშაფტი.

 

ზოგადად, ამ თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც კარსტული და ფსევდოკარსტული პროცესები განვითარებულია მისი მთლიანი ტერიტორიის თითქმის 18 %-ზე. კარსტი - ლანდშაფტის ერთ-ერთი ტიპია, რომელიც ხსნადი ქანების (როგორიცაა კირქვა, დოლომიტი, თაბაშირი და სხვა) დაშლის შედეგად წარმოიქმნება. დაკარსტვის პროცესში წამყვანი როლი ამგებელი ქანების ქიმიურ ხსნადობას და ეროზიას ენიჭება. ქანების გახსნასთან ერთად ხდება მათი მექანიკური გარეცხვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმები, მათ შორის, ქვაბულები, უფსკრულები, მღვიმეები და სხვა. ფსევდოკარსტული პროცესები გარეგნულად წააგავს კარსტულს, თუმცა ვითარდება არა ქიმიური (გახსნა), არამედ ფიზიკური პროცესების შედეგად.

 

 „მიგვაჩნია, რომ კვლევა აქტუალურია, რადგან კარსტულ-სპელეოლოგიურ კვლევებს და შესაბამისად მიღებულ სამეცნიერო შედეგებს შეუძლიათ უდიდესი როლი შეასრულონ პირველ რიგში კარსტული ლანდშაფტის დაცვის, მღვიმეების ტურისტული გამოყენების და მათი ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით. მით უმეტეს, ზოგიერთი ტიპის კარსტული ლანდშაფტი - მღვიმეები, პოლიეები, ვოკლუზები და ა.შ. გეოპარკის მნიშვნელოვანი რესურსია, რადგან უამრავ გეო-, ეკო და სპელეოტურიზმით დაინტერსებულ ვიზიტორს იზიდავს. ასევე, აღნიშნულ რესურსებს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ღირებულება, როგორც ბუნებრივ მემკვიდრეობას, რომელიც საჭიროებს სათანადო კონსერვაციას. აგრეთვე მნიშნელოვანია კარსტული წყლების სასმელად გამოყენების თვალსაზრისით, ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით და მრავალი სხვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში კარსტული ლანდშაფტის გეგმაზომიერი შესწავლა იწყება გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, როდესაც 1952 წელს, გეოგრაფიის ინსტიტუტში შეიქმნა კარსტოლოგია-სპელეოლოგიის ლაბორატორია. გეოგრაფიის ინსტიტუტი დღემდე წარმოადგენს ერთადერთ სამეცნიერო კვლევით ცენტრს საქართველოში, სადაც კარსტული პროცესების კვლევის უდიდესი გამოცდილება არსებობს”, განმარტავს ახალგაზრდა მკვლევარი.

 

ორწლიანი პროექტის ფარგლებში უშუალოდ ლაშას ხელმძღვანელობით დაგეგმილია ექსპედიციები ზემო იმერეთის სტრუქტურულ პლატოზე, ასევე სამეცნიერო კვლევითი ვიზიტი საზღვარგარეთ, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობა და ასევე სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნება საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალში. „სამეცნიერო კუთხით თუ შევხედავთ, კვლევა საკმაოდ მასშტაბურია. მასში ოფიციალურად ჩართულია ფართო სამეცნიერო პროფილის მქონე უცხოელი კონსულტანტი, რომელიც საჭიროებისამებრ დაეხმარება და კონსულტაციებს გაუწევს კვლევით ჯგუფს. პროექტს ასევე ჰყავს ქართველი მენტორი თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტიდან, გეოგრაფიის დოქტორი ზაზა ლეჟავას სახით, რომელიც მრავალი წელია მუშაობს კარსტული ლანდშაფტის შესწავლის საკითხებზე. პროექტის კიდევ ერთი მონაწილეა თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, კუკური წიქარიშვილი, რომლის ღვაწლი ქართული სპელეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში ფასდაუდებელია. აღნიშნულ კვლევაში, სხვა საგრანტო პროექტების მსგავსად ჩართული იქნებიან ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები და გეოგრაფიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც მიიღებენ მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას უფროსი კოლეგებისგან. როგორც ლაშა აღნიშნავს, თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის ბაზაზე და მათი ეგიდით განხორციელებულ კვლევებში, ყოველთვის იყვნენ ჩართულნი ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც მიღებული გამოცდილების კვალდაკვალ მუშაობდნენ თავიანთ სამაგისტრო თუ სადოქტორო თემებზე. “დღევანდელი ტექნოლოგიები უფრო მეტი სიზუსტით და ინტენსივობით იძლევა დედამიწის ზედაპირის რელიეფის კვლევის და შესწავლის საშუალებას. მაგალითად: უპილოტო საფრენი აპარატით (დრონი), თანამგზავრებზე დაფუძნებული აეროკოსმოსური სურათებით, სხვადასხვა მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკებით, რელიეფის ციფრული მოდელებით და სხვა. ჩვენი მიზანია, პროექტის ფარგლებში ზემო იმერეთის სტრუქტურულ პლატოზე განვახორციელოთ კარსტული რელიეფის ფოტოგრამმეტრიული აგეგმვა, რაც დაფუძნებული იქნება, ერთი მხრივ, საველე-საექსპედიციო სამუშაოებზე და მეორეს მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე. უპირველესად, კი დაგეგმილია, შევქმნათ კარსტული რელიეფის მაღალი გარჩევადობის ორთოფოტოები და ციფრული მოდელები, რომლებიც მიღებული იქნება უპილოტო საფრენი აპარატით (დრონით) ახლო მანძილზე გადაღებული აეროფოტოსურათების დამუშავებით. პროექტი ერთგვარი საპილოტე კვლევაა, რომლის ფარგლებში საქართველოში დავნერგავთ მსოფლიოში აპრობირებულ კვლევით მეთოდებს და მიდგომებს ამ მიმართულებით, რაც მეცნიერული დონის კიდევ უფრო ამაღლებისა და პროფესიული წინსვლისთვის მეტად მნიშვნელოვანია”.

 

ლაშა თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-მკვლევარის პოზიციაზე 2020 წლიდან მუშაობს და თავისი კარიერა, ბუნებრივია, ლაბორანტობით დაიწყო. თუმცა, როგორც თავად ამბობს, თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტთან მისი ნაცნობობა ჯერ კიდევ, თსუ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას შედგა, როდესაც პროფესორ რამინ გობეჯიშვილის ხელმძღვანელობით პირველად წავიდა სამეცნიერო ექსპედიციაში კავკასიონის მყინვარებზე. კვლევა გლობალური დათბობის ფონზე მყინვარების მონიტორინგს ითვალისწინებდა და ამისათვის ხანგრძლივი საველე დაკვირვებების წარმოება იყო საჭირო. შესაბამისად, რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო, საბაზო კვლევები კავკასიონის მყინვარებზე ძირითადად ზაფხულის პერიოდში ტარდებოდა და ლაშაც წლების განმავლობაში ექსპედიციის უცვლელი წევრი იყო. „დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებისას, უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია მქონდა, სამეცნიერო კარიერა სპელეოლოგიაში გამეგრძელებინა. სპელეოლოგია მეცნიერების დარგია, რომელიც მიწისქვეშა სამყაროს კვლევას - ანუ კარსტული მღვიმეების შესწავლას ითვალისწინებს. მით უმეტეს, რომ თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტი საქართველოში ერთადერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია, სადაც კარსტული მღვიმეების კვლევის უდიდესი გამოცდილება არსებობს და შესაბამისი დარგის სპეციალისტები მოღვაწეობენ. აქვე დავამატებ რომ, სურვილი ვყოფილიყავი თსუ კურსდამთავრებული, აბიტურიენტობის პერიოდში გამიჩნდა. თუმცა, სურვილთან და მონდომებასთან ერთად ალბათ იყო გამართლებაც, რომ სრულიად უფასოდ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, რამეთუ უკვე 13 წელზე მეტია რაც გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩართული ვარ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში.

 

 ცნობისათვის, ახალგაზრდა მეცნიერისთვის ეს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პირველი გრანტი არ ყოფილა. „ეს პროექტი ჩემთვის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან დაფინანსებული მეათე პროექტია. აქედან 7 პროექტის უშუალო სამეცნიერო ხელმძღვანელი ვიყავი, ხოლო 3-ში ჩართული ვიყავი ძირითადი მონაწილის სტატუსით. საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩემი პირველი პროექტი ზუსტად 10 წლის წინ მივიღე, როდესაც 2013 წელს პრეზიდენტის გრანტის ახალგაზრდა მეცნიერთათვის გამარჯვებული გავხდი. პროექტი შაორის ქვაბულის (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) და მიმდებარე ტერიტორიის სპელეო-გეომორფოლოგიურ შესწავლას ითვალისწინებდა,“- აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერი. რაც შეეხება საერთაშორისო კვლევებს, თსუ-ში დოქტორანტურაში ჩაბარებიდან დღემდე, ლაშა ასანიძე ცოდნას მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტსა თუ უნივერსიტეტში ყოფნითაც იღრმავებდა. მათ შორის: ბარის უნივერსიტეტი, დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტი, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტი და იტალიის სპელეოლოგიის ინსტიტუტი, ბაზელის უნივერსიტეტი. 2019 წელს ასევე ფულბრაითის პროგრამის გამარჯვებული (პროგრამა დაფინანსებული იყო აშშ-ის მთავრობის მიერ) გახდა და 2019-2020 წლებში სამეცნიერო კვლევები განახორციელა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში (აშშ), რომელიც ითვალისწინებდა სპელეოთემების (ძირითადად სტალაქტიტები და სტალაგმიტები) საშუალებით პალეოკლიმატის რეკონსტრუქციას საქართველოში, სხვადასხვა გლაციალური და ინტერგლაციალური პერიოდებიდან დღემდე. „ფულბრაითის პროგრამის ფარგლებში, სპელეოთემების გეოქიმიური და იზოტოპური კვლევების საშუალებით სრულად და უწყვეტად დავათარიღეთ ბოლო 93,000 წელი, რაც სამეცნიერო თვალსაზრისით ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში, რომელსაც გააჩნია ფართო რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა. აღნიშნული კვლევა სრულიად ინოვაციურია საქართველოსთვის, რადგან მსგავსი ტიპის/მასშტაბის კვლევა ჯერ არ განხორციელებულა არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო სტატიებზე მუშაობა, საერთაშორისო მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად“,- აღნიშნავს ლაშა.

 

უახლოეს ხანებში ამ მიმართულებით იგი უცხოელ კოლეგებთან ერთად კიდევ უფრო კომპლექსური კვლევების ჩატარებას გეგმავს. „მიმდინარე წელს გავიმარჯვე ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ,,საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამა’’, რომელსაც ახორციელებდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მაქვს უნიკალური შესაძლებლობა რომ იტალიაში, პიზას უნივერსიტეტში ჩავატარო სიღრმისეული კვლევა პალეოკლიმატის რეკონსტურქციის თვალსაზრისით, რათა დავადგინოთ კლიმატის ცვალებადობის გამომწვევი მიზეზები საქართველოში“.

 

ახალგაზრდა მეცნიერისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მომავალი წარმატებული სამეცნიერო კარიერის შესაქმნელად, ისე უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის მხრივ. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი კი კარგი საშუალებაა როგორც კომპლექსური სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე უცხოელ კოლეგებთან ფართო სამეცნიერო კოლაბორაციის თვალსაზრისით, - ასე აფასებს მეცნიერებისათვის არსებულ სხვადასხვა შესაძლებლობებს უკვე სოლიდური გამოცდილების მქონე გეოგრაფი.

 

თარიღი: 10/04/2023