eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  

 

„ლევან ალექსიძე მთელი თავისი ბიოგრაფიით ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ასევე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებლობამოპოვებული ახალი საქართველო გააცნო საერთაშორისო საზოგადოებას, დიდხანს წარმოადგენდა ჩვენს სამშობლოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საამაყოა, რომ საერთაშორისო სამართალში საქართველოს და ჩვენს უნივერსიტეტს ასეთი დიდი ადამიანი, დიდი მეცნიერი ჰყავდა,“- აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

 

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მეცნიერების დარგში, ღირსების, ბრწყინვალებისა და წმინდა გიორგის ორდენების კავალერმა, ივანე ჯავახიშვილის ფორუმის პრემიის ლაურეატმა, ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქემ და საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ალექსიძემ, მთელი თავისი ცხოვრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირა, ამავე დროს, სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობდა ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. იგი  სხვადასხვა დროს ორჯერ იკავებდა პრორექტორის თანამდებობას.

 

„ლევან ალექსიძე გახლავთ საერთაშორისო საჯარო სამართლის სკოლის ფუძემდებელი ქვეყანაში.  ეს იმ დროს, ჩვენი სტუდენტობის დროს, როცა ეს დარგი ფაქტობრივად ოკუპირებული იყო საბჭოთა ცენტრალური ხელისუფლების მიერ და ლიტერატურა ქართულ ენაზე ფიზიკურად არც გვქონდა. მისი ინიციატივით დაიწყო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ფორმირება მაშინ, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა,“- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან, პროფესორ ლევან ალექსიძის ინიციატივითა და თაოსნობით, საფუძველი ჩაეყარა და განვითარდა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლა — 1990 წლის სექტემბერში თსუ-ში დაარსდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომელმაც დასაბამი მისცა ამ დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებას საქართველოში.

 

როგორც სამეცნიერო, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ლევან ალექსიძის საქმიანობაზე, მისი დამსახურებით მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.

 

 თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების ჩამოყალიბებაში, საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში ლევან ალექსიძის როლზე გაამახვილა ყურადღება თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ: „ლევან ალექსიძე იყო სახელმწიფო მოღვაწე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამედროვე საქართველოს სახელით გაგზავნილი დოკუმენტების ავტორი ან თანაავტორი, ის პირი, რომელსაც გაჰქონდა ის პოზიცია, რომელიც სახელმწიფოს გააჩნდა. ამავე დროს, ის იყო მეცნიერი და პედაგოგი, რომელმაც დაგვიტოვა ნაშრომების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელსაც დღესაც იყენებენ არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ დონეზეც.“

 

ღონისძიებაზე ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია გადაეცა თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამის წარჩინებულ სტუდენტს თეკლა ზაქარაძეს. სტიპენდია იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივითა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის სპონსორობით დაწესდა.

 

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ მომზადებული პუბლიკაციის პრეზენტაცია, რომელშიც შევიდა სიცოხლის ბოლო წლებში ლევან ალექსიძის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუები.

 

ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ თსუ პროფესორები და სტუდენტები,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს საგარეო საქმეთა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,   თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლები,  თსუ-ს აკადემიური  და მოწვეული პერსონალი და საერთაშორისო სამართლის პროგრამის წარჩინებული სტუდენტები, მათ შორის  ის სტუდენტიც,  რომელმაც წელს ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია მოიპოვა.

თარიღი: 10/07/2026