საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლილი ჟორჟოლიანი

გარდაიცვალა ღვაწლმოსილი და დამსახურებული ირანისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანისტ სტუდენტთა თაობების აღმზრდელი, სპარსული ლიტერატურის მკვლევარი და გამორჩეული პედაგოგი ლილი ჟორჟოლიანი (1942-2024)

 

ლილი ჟორჟოლიანი 1963 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის (სპარსული ენისა და ლიტერატურის) სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1968 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო ასპირანტურაში „ირანული ფილოლოგიის“ განხრით, რომელიც წარმატებით დაასრულა პროფ. დავით კობიძის ხელმძღვანელობით 1971 წელს.

 

1971-1973 წლებში მუშაობდა ირანში, ქ.ისპაჰანში სპარსული ენის თარჯიმნად, 1974-1980 წწ.  მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

1978 წელს მან აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ახლო და შუა აღმოსავლეთის ხალხების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია - „ზოჰაქზე თქმულების სპარსული და ქართული ვერსიები“.

 

1980-1986 წლებში იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გ.წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ინდო-ირანული ენების მეცნიერ-თანამშრომელი იყო, ხოლო 1986 წლიდან საქმიანობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში:

1986-2006 წლებში იყო ირანული ფილოლოგიის კათედრის დოცენტი, 2005-2006 წლებში ხელმძღვანელობდა ირანული ფილოლოგიის კათედრას, ხოლო 2006-2014 წლებში ირანისტიკის დეპარტამენტს; 2006-2012 ამავე კათედრის ასოცირებული პროფესორი იყო, შემდეგ – ირანისტიკის დეპარტამენტის კათედრის კონტრაქტით მოწვეული პროფესორი, იმავდროულად სპარსულ ენას ასწავლიდა თსუ-ის ენების ცენტრში.

 

ლ.ჟორჟოლიანი 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სფერო ფირდოუსის „შაჰნამეს“ და მისი ქართული ვერსიების (თარგმანების) სხვადასხვა საკითხთა ენათმეცნიერული, ტექსტოლოგიური და ლიტერატურათმცოდნეობითი თვალსაზრისით შესწავლა გახლდათ, „შაჰნამეს“ ცალკეულ დასთანთა სპარსული და ქართული ვერსიების შესწავლა, ამ თხზულების მხატვრული დროის თავისებურებათა კვლევა, „შაჰნამეს“ ძველი ქართული თარგმანების, ხელნაწერებისა და გამოცემების კრიტიკული ანალიზი, ამ თარგმანთა ონომასტიკონის სპარსული ტექსტის მონაცემებთან შეპირისპირებითი შესწავლა. ლ.ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია, არის 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. მასვე ეკუთვნის ნ.ფალსაფის ნაშრომის „შაჰ აბას პირველის ცხოვრება“ შერჩევითი თარგმანი. იგი იყო რამდენიმე ნაშრომის რეცენზენტი, რედაქტორი (მათ შორის აღსანიშნავია ბელა შალვაშვილისეული „შაჰნამეს“ თარგმანი) და კრებულ „აღმოსავლეთმცოდნეობის“ სარედაქტორო კოლეგიის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში, თანამშრომლობდა უცხოურ პერიოდულ გამოცემებთან.

 

ლილი ჟორჟოლიანმა ქართველ მკითხველებს შესთავაზა თანამედროვე სპარსული პროზის ნიმუშთა თარგმანები, რომლებიც თავმოყრილია 2011 წელს გამოცემულ კრებულში „სპარსული პროზის თაიგული“.

ირანისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობისას ლ.ჟორჟოლიანი ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან და მისი ინიციატივით როგორც კათედრის, ისე მრავალი სტუდენტის დასახმარებლად მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ლ.ჟორჟოლიანის, როგორც პედაგოგის, მოღვაწეობა. მისი ხელმძღვანელობით მრავალი საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომი შესრულდა, ასევე დაცულ იქნა საკანდიდატო დისერტაცია.

 

ლილი ჟორჟოლიანს როგორც უნივერსიტეტმა, ისე ირანის საელჩომ სათანადოდ დაუფასა გაწეული ღვაწლი. ირანის საელჩომ 2005 წელს იგი აღიარა საუკეთესო ლექტორად, 2005 და 2019 წელს დააჯილდოვა საპატიო სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით. 2012 წელს კი მისი დამსახურება უნივერსიტეტმა ივ.ჯავახიშვილის მედლით აღნიშნა. 2020 წელს ირანისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა შაჰრიარის (თავრიზი, ირანის ისლამური რესპუბლიკა) სამეცნიერო-კულტურული მედალი.

 

ლილი ჟორჟოლიანის ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისი მადლიერი ნასტუდენტარებისა და კოლეგების გულებში.

თარიღი: 13/03/2024