საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მანანა ხაჩიძე - საუკეთესო ქალი მეცნიერი

2022 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსის - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გამარჯვებული თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ხაჩიძე გახდა.

 

ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ძირითად მიზანი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალის გამოვლენა  და წახალისება იყო.

 

“კონკურსი ხელს შეუწყობს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,Horizon 2020”-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის (CALIPER), რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისთვის კვლევისა და ინოვაციის დაკავშირებას, ფარგლებში დამტკიცებული „გენდერული თანასწორობის გეგმის“ შესრულებას“, - აღნიშნულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე.  

 

კონკურსში მონაწილეობის უფლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე საქართველოს მოქალაქე  მეცნიერ ქალს ჰქონდა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ეწევა სამეცნიერო-კვლევით ან/და აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციაში ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

მანანა ხაჩიძის თქმით, კონკურსის პირობების თანახმად ფასდებოდა არა კონკრეტული რაიმე ნაშრომი ან პროექტი, არამედ მთლიანად საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სააქმიანობა,  როგორც კვლევითი ასევე  პედაგოგიური და პროფესიული კუთხით.

 

„მსგავს კონკურსებში ადრე მონაწილეობა არ მიმიღია. არც ამჯერად ვაპირებდი, მაგრამ ჩემი დეპარტამენტის (კომპიუტერულ მეცნიერებათა) ქალბატონების დაჟინებამ გადამაწყვეტინა მონაწილეობა. ძალიან ადრე მიღებული მაქვს პრეზიდენტის სტიპენდია, როგორც ახალგაზრდა მეცნიერს (ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო). ამ შემთხვევაში თანხა მნიშვნელოვანი არაა.  მადლობელი ვარ, რომ ღირსეულად შემაფასეს (შეიძლება ამბიციური ვარ) და დამაფასეს. უნივერსიტეტის დამთავრებიდან  (1987 წლიდან) ჩართული ვარ როგორც კვლევით, ასევე პედაგოგიურ საქმიანობაში. თანხის დიდი ნაწილი (მთლიანად არც თუ ისე ბევრია) დაიხარჯება სტუდენტების სხვადასხვა საჭიროებებზე, სხვადასხვა წვრილმანებზე რაც საჭირო იქნება სასწავლო პროცესისათვის და სტუდენტების წახალისებისათვის. თუ დარჩება თანხა - სამეცნიერო ჟურნალში სტატიის პუბლიკაციისათვის, რაც არც თუ ისე იაფია", - აღნიშნა მანანა ხაჩიძემ. 

თარიღი: 03/10/2022