საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეშვიდე საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პლენარული სესია გაიხსნა. ღონისძიებაზე „მეშვიდე საფაკულტეტო კონფერენციის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“ გამარჯვებული 8 სტუდენტი სერტიფიკატითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა. ცერემონიას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, კონფერენციაში სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. „ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო. ძალიან კარგი ფორმატია, რომ სტუდენტებმა მეცნიერებაში გზა გაიკვალონ, მეცნიერების ფასი გაიგონ და გახდნენ მომავალში მეცნიერები,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის თქმით, პლენარულ სესიაზე სტუდენტებს საშუალება აქვთ საკუთარი მოხსენებებით წარსდგნენ. „ჩვენმა პროფესორებმა დეპარტამენტების მიხედვით აარჩიეს საუკეთესო მოხსენებები და ეს საუკეთესო მოხსენებები ახლა ჩვენს წინაშე წარსდგება. ყველანაირად ვცდილობთ გამოვარჩიოთ ეს სტუდენტები, მივცეთ მათ ფართო ასპარეზი და შესაძლებლობა რომ საკუთარი  სამეცნიერო მიღწევები წარმოადგინონ,“ - აღნიშნა დეკანმა.

თამარ ქიმერიძე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი და კონფერენციის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მისი თქმით, გამარჯვება მისთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო. „პირადად ჩემთვის, ეს არის  საუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობის პირველი შემთხვევა, სწორედ ამიტომ გამარჯვებას არ ველოდი. ძალიან გამიხარდა და გარკვეულწილად დიდი პასუხისმგებლობაც არის,“ – აღნიშნა სტუდენტმა.

მეშვიდე საფაკულტეტო კონფერენციისთვის ფაკულტეტის რვა დეპარტამენტის (მათემატიკის, კომპიუტერულ მეცნიერებათა, ფიზიკის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის დეპარტამენტები) სტუდენტების მიერ 60-მდე ნაშრომი (სტუდენტური კვლევა) მომზადდა.

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს ქულები ეწერებათ, რომელსაც ითვალისწინებენ საფაკულტეტო სტიპენდიის დანიშვნის დროს. სტუდენტთა მოხსენებები კონფერენციის ვებგვერდზე აიტვირთება.


თარიღი: 15/02/2019