თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ევროკავშირის ERASMUS + პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველად მოიპოვა ევროკავშირის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის:დემოკრატიის მდგრადობა საქართველოში/Jean Monnet Center of Excellence: Democracy Resilience in Georgia სტატუსი. პროექტის ფარგლებში იქმნება მულტიდისციპლინური ცენტრი, რომელიც ორიენტირებული იქნება სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებაზე, ასევე, მიზნობრივ ჯგუფებთან დისკუსიის ხელშეწყობაზე.
„ამ პროექტით ჩვენ უნივერსიტეტის წიაღში ვქმნით სივრცეს, სადაც ვისაუბრებთ ევროპაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპულ ინსტიტუციებზე. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ უნივერსიტეტი სრულიად ახლებური სივრცე გავხადოთ დისკუსიისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი კვლევითი ნაშრომების მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობს, ევროკავშირის თანამედროვე პოლიტიკისა და რელევანტური ქართული კონტექსტის უკეთ გაგებას. იმედი მაქვს, ეს პროექტი თავის როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თამარ ზარანდიას თქმით, ეს ჯილდო ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მრავალწლიან შრომასა და ძალისხმევას. „ამაყები ვართ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქმნება მულტიდიციპლინური ცენტრი, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში დემოკრატიული მდგრადობის განმტკიცებისკენ. ეს ცენტრი იქნება გარკვეული პლატფორმა, რომელიც მიიზიდავს არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ ფართო საზოგადოებას და ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას,“- განაცხადა თამარ ზარანდიამ.
პროექტის მიზნებსა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ ისაუბრა. „ჟან მონეს ცენტრის პროექტში ჩართულია ჩვენი უნივერსიტეტის რვა აკადემიური პერსონალი სხვადასხვა ფაკულტეტიდან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ არა მხოლოდ აკადემიური, არამედ პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ცოდნის ასეთი სინერგია გაამდიდრებს ჩვენი ცენტრის მიზნებს“, -აღნიშნა ირინე ქურდაძემ.
ცენტრი ორიენტირებულია ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ისეთი სფეროების განვითარებაზე, როგორებიცაა: ადამიანის უფლებების მდგრადობა; ინფორმაციული მდგრადობა; სოციალურ და გარემოსდაცვითი უსაფრთხოება.
პროექტის წარდგენას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.