საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ გურამ კუტალიას დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ გურამ კუტალიას დაბადებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციის გახსნაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესორ გურამ კუტალიას სამეცნიერო მოღვაწეობაზე, მის შრომებსა და პედაგოგიურ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გურამ კუტალია იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო მთელი თავისი ცოდნა გადაეცა სტუდენტებისთვის. „მას ურთულეს პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. მისი ნაშრომები, მათ შორის, წერილი დიდგორის ომთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადია. ასეთი ადამიანები არ უნდა დავივიწყოთ, ისინი თაობებს ზრდიდნენ“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.  რექტორის ინფორმაციით, გურამ კუტალიას ნაშრომს „შუა საუკუნეების ისტორია“, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო, უნივერსიტეტი ხელახლა გამოსცემს.

 

ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის ორგანიზებით გაიმართა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, პროფესორი გურამ კუტალია ისტორიკოსთა მრავალი თაობის აღმზრდელია. „მისმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში. დღესაც მისი შრომები თანამედროვე ისტორიკოსების სამაგიდო წიგნებია“,- აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა.

თარიღი: 24/01/2024