ტრინიტის კოლეჯის (დუბლინი) პროფესორი მარტინ უორთინგტონი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ტრინიტის კოლეჯის ახლო და ძველი წინა აზიის კვლევების დეპარტამენტის - ალ-მაქტუმის სახელობის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის პროფესორს მედალი თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა თსუ სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო მხარდაჭერისთვის გადასცა.
2010 წელს სენტ ჯონის კოლეჯში (კემბრიჯი) „გილგამეშის ეპოსისადმი“ მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მარტინ უორთინგტონმა წარადგინა „გილგამეშის ეპოსის“ მიხაკო წერეთლისეული თარგმანი, რითაც ხელი შეუწყო ეპოსის პირველი ქართული თარგმანის ხელახალ აღიარებას.
2018 წელს მარტინ უორთინგტონმა გადაიღო მსოფლიოში პირველი შუმერულენოვანი ფილმი - „ნიპურის ღარიბი კაცი“ (The Poor Man of Nippur), რომელიც 2019 წელს ბრიტანეთის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევითმა საბჭომ წარადგინა ჯილდოზე: Research in Film.
მისი წინასიტყვაობით დაბეჭდა თსუ გამომცემლობამ თამაზ გამყრელიძის წიგნი „გილგამეშის ეპოსი (ტრანსლიტერაცია).“
მარტინ უორთინგტონმა თსუ სტუდენტებისა და პროფესორებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია „ძველი შუამდინარეთის კვლევა: მიდგომები, კითხვები და მეთოდები“. ლექციაზე უორთინგტონმა ისაუბრა „გილგამეშის ეპოსის“ სტრუქტურაზე, მოიყვანა მაგალითები ლურსმული ტექსტიდან, ასევე, მათი ინგლისური თარგმანები და საინტერესო ინტერპრეტაციები: ლექციის დასასრულს კი უპასუხა სტუდენტებისა და პროფესორების კითხვებს.