საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რეგიონში პირველი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები პროფესიულ განათლებაში თსუ-ში ამოქმედდა

ამიერკავკასიაში პირველად, პროფესიული განათლების მიმართულებით  ახალი ინგლისურენოვანი  სამაგისტრო პროგრამა „პროფესიულ განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ და სადოქტორო პროგრამა „პროფესიული განთლება“  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამოქმედდა.  პროგრამები პროფესიული განათლების მიმართულებით მკვლევრების მომზადებაზეა ორიენტირებული.

 

 სამაგისტრო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა რუსუდან სანაძემ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა გერმანელი კოლეგების ჩართულობა მომზადების პროცესში. მისი თქმით, სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ გერმანიაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამების მხარდამჭერია გერმანული ორგანიზაცია (GIZ) და გერმანიის განათლების ფედერალური სამინისტრო. რუსუდან სანაძის განცხადებით, რადგან პროგრამები ინგლისურენოვანია, მასზე სწავლა არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ სტუდენტებსაც შეეძლებათ.

 

ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, სტუდენტები, გერმანელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.

 

პროგრამები შექმნილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ,,კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ და  მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის „პროფესიული განათლება და შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ (VoCasian) პროექტების  მხარდაჭერით.

თარიღი: 02/06/2023