საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რევაზ გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილე და წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში

პოლიტიკური გეოგრაფიისა და ისტორიული გეოპოლიტიკის ჭრილში დანახულ საქართველოს ეძღვნება ქართველი დიპლომატის, თსუ პროფესორის რევაზ გაჩეჩილაძის წიგნი „საქართველო რეგიონულ კონტექსტში“, რომლის პრეზენტაციაც მისი 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.  ღონისძიებაზე, რომელსაც  თსუ პროფესორები, სტუდენტები, დიპლომატები, მეცნიერები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რევაზ გაჩეჩილაძემ  სტატიების კრებულიც „სხვადასხვა დროის ნაშრომები“ წარადგინა.

 

„საქართველოს ისტორიული და თანამედროვე გეოპოლიტიკური ვითარებაა გაანალიზებული წიგნში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ჩვენს სამეზობლოზე: თურქეთზე, სომხეთზე, აზერბაიჯანსა და რუსეთზე. ცხადია, მათთან განსხვავებული ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ ბევრად მეტი უნდა ვიცოდეთ. რაც შეეხება კრებულს, ის მულტიდისციპლინურია. მასში განხილულია საქართველოს სოციოლოგიური, გეოგრაფიული, ისტორიული, დემოგრაფიული საკითხები  სხვადასხვა რაკურსით,“- განაცხადა რევაზ გაჩეჩილაძემ.

 

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სალომე დუნდუას თქმით,  მრავალმხრივი და წარმატებული პოლიტიკური, დიპლომატიური საქმიანობით გამორჩეული რევაზ გაჩეჩილაძის მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ განებივრებულები ვართ მისი საინტერესო და მეტად საჭირო სამეცნიერო ნაშრომებით. ათ წელზე მეტია ბატონი რეზოს თაოსნობით თსუ-ში  იმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანი მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის თემატიკაც ძალიან აქტუალურია და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საზოგადოებრივი გეოგრაფია, პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები. ზოგადად, სამაგალითოა მისი ასეთი შემართება, სიახლისადმი სწრაფვა და მუდმივი განვითარება სამეცნიერო მიმართულებით,“- აღნიშნა სალომე დუნდუამ.

 

რევაზ გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ცნობილი მეცნიერები, დიპლომატები, მეგობრები, რომელთაც საკუთარი კუთხით ისაუბრეს თსუ პროფესორის დამსახურებებზე ქვეყნისა და უნივერსიტეტის წინაშე.

თარიღი: 05/05/2023