საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რისმაგ გორდეზიანი - 85

 9 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რისმაგ გორდეზიანისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებელ ცნობილ ქართველ ელინისტს, თსუ ემერიტუს პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა.

 

მეცნიერისადმი მიძღვნილ კონფერენციში „ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის აქტუალური საკითხები“, 30-მდე მკვლევარმა მიიღო მონაწილეობა.  კონფერენციის ფარგლებში იმუშავა შემდეგმა სექციებმა: კლასიკური ფილოლოგიის აქტუალური საკითხები, ბიზანტინისტიკის აქტუალური საკითხები, ნეოგრეცისტიკის აქტუალური საკითხები, ანტიკურობის რეცეფცია მსოფლიო კულტურაში, ბერძნულიდან ქართულად თარგმნის აქტუალური საკითხები.

 

კონფერენციის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე რისმაგ გორდეზიანს იუბილე თსუ-ს თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და უცხოელმა კოლეგებმა მიულოცეს. მათ შორის იყვნენ:  ინსტიტუტს დირექტორი - პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოში საბერძნეთის ყოფილი და მოქმედი ელჩები - ტასოს კრიეკუკისი და მარია თეოდორუ, იენის უნივერსიტეტის პროფესორები - ანეგრეტ პლონტკე-ლიუნინგი და ტიმო შტიკლერი, ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი - ტასილო შმიტი, დამოუკიდებელი მკვლევარი ანდრეი როსიუსი, თსუ პროფესორები - ელგუჯა ხინთიბიძე და რევაზ გაჩეჩილაძე.

 

 

უფრო ადრე მეცნიერისადმი მიძღვნილი ღონისძიება უკვე სტუდენტური კონფერენციის სახით გაიმართა. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარებულ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში „ანტიკურობის თანამედროვეობა“, რომელშიც მსოფლიოს 9 ქვეყნის (ბრაზილია, ბულგარეთი, იაპონია, იტალია, კოლუმბია, რუმინეთი, საბერძნეთი, საქართველო, უკრაინა), სამივე საფეხურის 25 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.  

თარიღი: 09/06/2025