საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ეგიდით

30 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება  საერთაშორისო კონფერენცია ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის ეგიდით. სამეცნიერო კვლევების ხელშემწყობი ეს უმსხვილესი გერმანული ფონდი ყოველ წელს აფინანსებს “ჰუმბოლდტ-კოლეგ”-ის (Humboldt-Kolleg) სახელით ცნობილ მსხვილმასშტაბიან წარმომადგენლობით კონფერენციას გერმანიის გარეთ ამა თუ იმ ქვეყანაში. ასეთი ფართო ფორმატის ინტერდისციპლინარული სამეცნიერო ფორუმი არცთუ ხშირია საერთაშორისო საუნივერსიტეტო პრაქტიკაში.
 

საქართველოში ამგვარი კონფერენცია წელს ზედიზედ მესამედ ტარდება.
 

2017 წელს გამართული “ჰუმბოლდტ-კოლეგ”-ის თემა იყო “გერმანულ-ქართული შეხვედრის ადგილები მე-20 საუკუნის ლიტერატურასა და კულტურაში”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 102 მომხსენებელმა 12 ქვეყნიდან. 2019 წლის კონფერენცია ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის დაბადების 250 წლისთავს მიეძღვნა და მისი თემა იყო “ბუნების, ენებისა და კულტურების კვლევის ჰუმბოლდტიანური გზები.”
 

წლევანდელი  “ჰუმბოლდტ-კოლეგ”-ის თემაა “გერმანია - შავი ზღვის აუზის ქვეყნები - სამხრეთ კავკასია: ურთიერთაღქმის ისტორია და აწმყო.” კონფერენციაში მონაწილეობას იღებს 83 მომხსენებელი 8 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, გერმანია, თურქეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი.
 

კონფერენციის სამუშაო ენებია გერმანული და ინგლისური.
 

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი პროფესორი ალექსანდრე კარტოზია.
 

საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი აერთიანებს ქართველ ჰუმბოლდტიანელებს - მეცნიერებს, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიატები ან ჰუმბოლდტის კვლევითი პრემიის ლაურეატები. ჰუმბოლდტიანელობა საერთაშორისი სამეცნიერო აღიარების მოპოვების დადასტურებაა. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ  საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბი 30-ზე მეტ წევრს ითვლის. კლუბის წევრებს შორის არიან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე პროფესორი ლადო ჭანტურია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროფესორი მერაბ ტურავა, საქართველოს ელჩი გერმანიაში პროფესორი ლევან იზორია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი პროფესორი დავით ლორთქიფანიძე, ილიას უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ევროპის მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ცენტრის აკადემიური დირექტორი პროფესორი დავით ფრანგიშვილი, სოხუმის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი პროფესორი ჯონი აფაქიძე და საქართველოში თუ საქართველოს გარეთ მომუშავე სხვა მეცნიერები. საქართველოს ჰუმბოლდტის კლუბის საპატიო პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში იყო აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. რამდენიმე დღის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნა პირველი ქართველი ჰუმბოლდტიანელის - განსვენებული პროფესორი გურამ რამიშვილის - დაბადებიდან 90 წლის იუბილე.
 

კონფერენცია 30 ნოემბერს გაიხსნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომდგენლები. ჰუმბოლდტის ფონდის დეპარტამენტის თავმჯდომარე დოქტორი შტეფენ მელიხი, გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ქალბატონი ტანია ჰუტი, პირველ პლენარულ სხდომაზე მონაწილეთა წინაშე მოხსენებებით წარდგებიან გერმანელი პროფესორები ერნესტ ჰეს-ლიუტიხი (ბერლინი), ტილმან ბორშე (ჰილდესჰაიმი) და ჰარალდ ვაიტი (ოდერის ფრანკფურტი).
 

მონაწილეთა შემადგენლობა გარკვეული წესების შესაბამისად ირჩევა. კონფერენციის მონაწილეთა რიცხვის არანაკლებ ერთ მესამედს ჰუმბოლდტიანელები შეადგენენ. საერთო რაოდენობის ერთ მესამედზე მეტი კი ახალგაზრდა მეცნიერებზე მოდის.
 

კონფერენციაზე ერთმანეთის პარალელურად იმუშავებს სამი სექცია, რომლებშიც მოსმენილი იქნება მოხსენებები უპირატესად კულტუროლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ლინგვისტიკის, ფილოსოფიისა და სამართლის, ისევე როგორც მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და მედიცინის საკითხებზე.

თარიღი: 29/11/2022