აშშ-ს ცნობილ სამეცნიერო გამომცემლობა „Nova Science Publisher“ 2020 წლიდან გამოსცემს წიგნებს სერიით „ქართული სამეცნიერო კლასიკა“ ინგლისურ ენაზე. სერიის მიზანია ქართული სამეცნიერო აზრის, მიღწევების ინგლისურ ენაზე თარგმნა-გამოცემა და გავრცელება მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და ბიბლიოთეკებში.
სერია დაარსდა გამომცემლობა „Nova Science Publisher“-ის პრეზიდენტის, ქალბატონ ნადია კოლუმბუს-გოცირიძისა და კინოცენტრ − „ქართული ფილმი-აფხაზეთი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ გელა კანდელაკის თაოსნობით. კინოცენტრთან - „ქართული ფილმი - აფხაზეთი“ - შექმნილია სამეცნიერო-სარედაქციო საბჭო მეცნიერების სხვადასხვა დარგის ცნობილ წარმომადგენელთა მონაწილეობით. მთარგმნელთა შორის არის თსუ-ს ჰუმანიატრულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი მანანა რუსიეშვილი.
უკვე ითარგმნა და გამოიცა:
2020 წელს – მიხეილ წერეთელი, ერი და კაცობრიობა (მთარგმნელები ლიანა ფარცვანია და მარინე ხუროშვილი);
2022 წელს – ზურაბ კიკნაძე, ქართული მითოლოგია, I და II წიგნი (ერთ წიგნად, მთარგმნელები ნანა ბასილაშვილი და ლიანა ფარცვანია); გიორგი მელიქიშვილი, К истории древней Грузии (ორ წიგნად, მთარგმნელი მარინე ხუროშვილი); არნოლდ ჩიქობავა, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი (მთარგმნელი მანანა რუსიეშვილი);
2023 წელს – კორნელი კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი I (ორ წიგნად; მთარგმნელები მანანა რუსიეშვილი, ლიანა ფარცვანია, მარინე ხუროშვილი და ნანა ბასილაშვილი);
2024 წელს – კორნელი კეკელიძე: ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი II (იბეჭდება ორ წიგნად; მთარგმნელები მანანა რუსიეშვილი, ლიანა ფარცვანია, მარინე ხუროშვილი და ნანა ბასილაშვილი ); ივანე ჯავახიშვილი: ქართული სამართლის ისტორია, წიგნი პირველი ( მთარგმნელები მანანა რუსიეშვილი და მარიამ კუტალაძე);
2025 წელს დასრულებულია მუშაობა და გადაეცა ამერიკულ გამომცემლობას შემდეგი ინგლისურენოვანი ხელნაწერები: ივანე ჯავახიშვილი - ქართული სამართლის ისტორია, წიგნი მეორე ( მთარგმნელები მანანა რუსიეშვილი და მარიამ კუტალაძე); დიმიტრი უზნაძე - შრომათა კრებული ( მთარგმნელები მარინა ხუროშვილი და ნინო გეგენავა); ილია ჭავჭავაძე - პუბლიცისტური წერილები ( მთარგმნელები ლიანა ფარცვანია და ნანა ბასილაშვილი) ; მიხეილ თარხნიშვილი- საქართველოს ეკლესიის ისტორია დასაბამიდან მე-7 საუკუნის დასასრულამდე (მთარგმნელები ირინა ჯობავა, თეა ბერულავა და ქეთევან მამულაშვილი).
პროექტი „ქართული სამეცნიერო კლასიკა“ კვლავ გაგრძელდება. ხაზგასასმელია, რომ სერიის გამოცემისათვის საჭირო ფინანსური სახსრების 80-85%-ს უზრუნველყოფს ქალბატონი ნადია კოლუმბუსი.
იხილეთ გამომცემლობა „Nova Science Publisher“-ის ვებგვერედის მისამართი