19 დეკემბერს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სოსო ჭანტურიშვილის (1940-2010) ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია. სოსო ჭანტურიშვილი 1970 წლიდან იყო თსუ ეთნოგრაფიის კათედრის დოცენტი და შემდგომ პროფესორი.
მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (2000), ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (2000) და ღირსების ორდენი სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის (1998). სოსო ჭანტურიშვილი არის ქართულენოვანი სახელმძღვანელოების ავტორი - ეთნოლოგის საფუძვლები (2005), ეთნოლოგია (1993), მისი გეგმითა და ხელმძღვანელობით გამოიცა ეთნოლოგიის ქრესტომათია (1997). ს. ჭანტურიშვილის ინიციატივით დაიწყო ეთნოგრაფიულ ლექსიკონზე მუშაობა, რომელიც უკვე მისი გარდაცვალების შემდგომ დაიბეჭდა (2011).
სოსო ჭანტურიშვილის სახელთანაა დაკავშირებული ისტორიული ეთნოლოგიის მიმართულებით კვლევების გაღრმავება. მისი ნაშრომი “ყოფა და კულტურა V-X საუკუნეების საქართველოში” (1984) უმნიშვნელოვანესი კვლევაა ქართული ეთნოგრაფიული ყოფის, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული რეალიების რეკონსტრუქციისა და ანალიზის სფეროში.
სესიაზე ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებმა წაიკითხეს მოხსენებები: ქეთევან ხუციშვილი: "სოსო ჭანტურიშვილის ცხოვრება და შემოქმედება", როზეტა გუჯეჯიანი: "სოსო ჭანტურიშვილი და ქართული ისტორიული ეთნოლოგია", თეიმურაზ გვიმრაძე: "მოგონებები სოსო ჭანტურიშვილზე".
სესიის ბოლოს სამეცნიერო საქმიანობისთვის სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.