საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სპეციალობა როგორც ყველაზე სწორი არჩევანი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი სოციალური მუშაობის განხრით; ESN Georgia-ს (საქართველოს ერაზმუსის სტუდენტური ქსელის) პრეზიდენტი. ასეთია  უნივერსიტეტელი თინათინ წერეთლის  რეგალია, რომელიც  ამჟამად გვინდა წარმოგიდგინოთ.

 

თსუ და სპეციალობა როგორც ყველაზე სწორი არჩევანი
 

რთულია სკოლის დამთავრებისთანავე პროფესიაზე  სწორი არჩევანი გააკეთო, რადგან  შესაძლოა რაღაც პერიოდის შემდეგ ინტერესები შეგეცვალოს და ისე გამოვიდეს, რომ არასწორ ადგილას აღმოჩნდი. სწორედ ამ მოსაზრების გამო შეარჩია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თინათინ წერეთელმა, რომელიც მისთვის საინტერესო რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ, თუმცა დამოუკიდებელ დარგს აერთიანებდა.

     

“თავდაპირველად, პოლიტიკა და სოციალური მუშაობა მიზიდავდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ სოციალური მუშაობა ჩემს პიროვნულ ღირებულებებს უფრო ემთხვეოდა,  სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ახლა მომავალი სოციალური მუშაკის სტატუსით. გარდა თავად  ფაკულტეტისა, სახელმწიფო უნივერსიტეტი  ევროპის უნივერსიტეტებთან კავშირებითაც მხიბლავდა, რაც ნამდვილად გამომადგა საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად.  

 

          არ მინდა უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის რეკლამად ჩამეთვალოს, მაგრამ  გულწრფელად ვიტყვი, რომ თსუ-ში ჩაბარება და სოციალური მუშაობის სპეციალობად არჩევა, ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. სკოლის შემდეგ საუნივერსიტეტო აკადემიურ სივრცეში მოხვედრა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით კოვიდ სტუდენტობის ფონზე, თუმცა მარტივი და რთული საგნების გარჩევამ, სხვადასხვა ლექტორებთან კომუნიკაციამ, ადაპტაცია და განვითარებაზე ფოკუსირება მასწავლა. რაც შეეხება კავშირებს, ჩემი მიმართულების პროფესორებთან და სტუდენტებთან ურთიერთობა სტუდენტობის კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო ნაწილია“,- აცხადებს თინათინი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტობასთან ერთად  თბილისში ESN Georgia-ს პრეზიდენტის სტატუსსაც ითავსებს.  

 

 ამ დროისთვის თინათინმა  უკვე ბევრ ქვეყანაში მოასწრო ყოფნა, რაც თანაბრად საინტერესოც და სასარგებლოც აღმოჩნდა მომავალი სოციალური მუშაკისთვის.

 

 

უცხოეთში მიღებული გამოცდილება  და პრაქტიკა

 

 

   “ვფიქრობ, მაქსიმალურად გამოვიყენე თსუ-ში სტუდენტობა იმ შესაძლებლობებით, რომელიც ამ პერიოდში გვეძლევა.  ბაკალავრიატის ფარგლებში ორი გაცვლითი სემესტრი გავატარე ევროპაში. პირველად კილში, გერმანიის ლამაზ საზღვაო ქალაქში ვსწავლობდი. მეორედ კი ცივი, მაგრამ ზღაპრული სემესტრი გავატარე ივასკულას უნივერსიტეტში, ფინეთში. ორივე გაცვლითი პროგრამა ერაზმუს+ კრედიტ მობილობის ფარგლებში იყო ორგანიზებული. გარდა გაცვლითი სემესტრებისა, სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულსაც დავესწარი.

 

ორივე გაცვლითი სემესტრი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებად დამრჩა. გერმანიაში სწავლა კარგი პრაქტიკა იყო გერმანული ენის გაუმჯობესებისა და საგანმანათლებლო სისტემებში  განსხვავებების დასანახად. სწავლის გარდა, ეს იყო უცხოელი მეგობრების გაჩენისა და კულტურის გაზიარების საშუალება. ფინეთში სწავლამ კი უფრო სერიოზულად დამაფიქრა ჩემს სპეციალობაზე, იქ საშუალება მქონდა ვწვეოდი სკოლებსა და ცენტრებს მიგრანტებისთვის. თავად გამოვცადე ფინური განათლების მოდელის უპირატესობები, სტუდენტებისთვის კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა და სტუდენტის კეთილდღეობაზე ორიენტირებული აკადემიური პერსონალი, - იხსენებს თინათინი.

 

უნივერსიტეტზე საუბრისას ვცდილობ არ განვაზოგადო ჩემი მოსაზრებები, რადგან შეუძლებელია ყველა მიმართულების შესახებ მქონდეს სათანადო ინფორმაცია. სოციალური მუშაობის მიმართულებამ მისი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების საშუალებით მოახერხა ჩემი ინტერესების გაღრმავება და როგორც ზემოთ აღვნიშნე, საშუალება მომეცა სხვა ქვეყნებშიც დავკვირვებოდი სასწავლო პროცესს. პრაქტიკული კომპონენტი, რომელიც მოიაზრებს საჯარო და კერძო სექტორში ვიზიტებსა და კონტაქტების დამყარებას, ჩვენი მიმართულების ყველაზე გამორჩეული ნაწილია. მე უკვე გავეცანი, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი თანაკურსელებიც, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სივრცეს და ჰუმანისტურ ღირებულებს იზიარებენ, რადგან ვფიქრობ ჩვენი ნაკადი და ზოგადად სოციალური მუშაობის მიმართულება აერთიანებს ადამიანებს.

 

 

თუ სხვისი პრობლემა გულთან არ მიგაქვს, ჩვენს პროფესიაში ვერ დარჩები...

 

„როგორც მომავალ სოციალურ მუშაკს, მსურს ჩვენს დარგში  ბევრი პროფესიონალი  და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი იყოს. აქვე ვიტყვი, რომ ამ პროფესიას ყველას არ და ვერ ვურჩევ მისი ემოციური და გამოწვევებით სავსე საქმიანობიდან გამომდინარე. თუ ადამიანი უსამართლობაზე და დისკრიმინაციაზე თვალს ხუჭავს და სხვისი პრობლემა გულთან ახლოს ვერ მიაქვს, ის ვერ შეძლებს ამ სფეროში დიდხანს დარჩენას. თუმცა, თუ ვინმეს სურს გახდეს სხვა ადამიანებისთვის ძალის მიმნიჭებელი ან აღმოფხვრას შშმ პირებზე, ბავშვებსა და ქალებზე ძალადობა  და საერთოდაც იყოს ადამიანების მხარდამჭერი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, აი მაშინ შემიძლია ნამდვილად ვურჩიო სოციალური მუშაობა.         
 

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია სოციალურ მუშაობას განმარტავს, როგორც პროფესიას, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების, ჯგუფებისა და საზოგადოების სოციალური ფუნქციონირების ამაღლებას. ზოგადი პროფილის სოციალური მუშაკს აქვს ცოდნა იმუშაოს ბავშვებთან, შშმ პირებთან, ხანდაზმულებთან, ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებთან ინდივიდუალურად, ასევე, ოჯახისა და თემის გაძლიერებისათვის. საზოგადოებამ ნაკლებად იცის იმის შესახებაც, რომ სოციალური მუშაკი მაკრო დონეზე მუშაობს სოციალური პოლიტიკის საკითხებზეც.


უნივერსიტეტში ხშირად ვმსჯელობთ ჩვენი პროფესიის მნიშვნელობაზე, რაც საბოლოოდ იმაში გვარწმუნებს, რომ სოციალური მუშაკი უბრალოდ კეთილი ადამიანი ვერ იქნება. ის უნდა ფლობდეს აკადემიურ განათლებას, ადამიანის განვითარების შესახებ თეორიებს, პროფესიის სამართლებრივ ჩარჩოს და მას უნდა შეეძლოს ადამიანის გაძლიერებისათვის სხვა სექტორებთან თანამშრომლობა.

 

სოციალური მუშაობით უკვე დაინტერესებულ ახალგაზრდებს შემიძლია ვურჩიო ის, რაც უნივერსიტეტში ამ მიმართულების არჩევისას ლექტორებმა მასწავლეს. არ ჩათვალოთ სოციალური მუშაობა უბრალოდ კეთილი საქმის კეთებად და შეეცადეთ სწავლასაც და პრაქტიკასაც მიუდგეთ პროფესიონალურად. აუცილებლად, 100%-ით ვურჩევ თავიდანვე გაიგონ და მომზადება დაიწყონ საერთაშორისო პროგრამებისათვის, უცხო ენების სწავლით და ინფორმაციის მოძიებით.

 

რა თქმა უნდა, გარდა ყველა იმ ზემოთნახსენები შესაძლებლობისა და საგანმანათლებლო თუ პრაქტიკული გამოცდილებისა რასაც უნივერსიტეტში ვიღებ, არსებობს ნიუანსები, რომელთა გაუმჯობესებასაც ვისურვებდი თსუ-ში. პირველ რიგში, უნივერსიტეტი უნდა იყოს სტუდენტის მხარდამჭერი. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ხარისხიანი საცხოვრებლისა და საკვები ობიექტების გაჩენა. მინდა აღვნიშნო, რომ არც გერმანიასა და არც ფინეთში არ მიგვრძნია, რომ ქართველი სტუდენტები გონიერებითა და უნარებით ჩამოვრჩებით რომელიმე ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტებს. მთავარი ისაა, რომ უნივერსიტეტში ჩვენს კეთილდღეობას უნდა ექცეოდეს ყურადღება. აუცილებელი არაა სწავლა იყოს სტრესული, პირიქით, ეს მართლა უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ეტაპად, - ამბობს თინათინი.


სულ ახლახანს მან ახალი პოზიციაც დაიკავა. „ESN Georgia-ს 2022 წელს შევუერთდი და სულ ახლახან დავიკავე პრეზიდენტის პოზიცია. ეს ორგანიზაცია უმეტესწილად  ერაზმუს+ კრედიტ მობილობით საქართველოში ჩამოსული სტუდენტების გამოცდილების გასამრავალფეროვნებლად მუშაობს. ვგეგმავთ ღონისძიებებს რათა უცხოელმა სტუდენტებმა უკეთ გაიცნონ აქ ყოფნის პერიოდში საქართველო, დაუმეგობრდნენ ერთმანეთს და შექმნან მოგონებები. გარდა ამისა, ორგანიზაციის საქმიანობა ემსახურება ქართველ სტუდენტებს შორის მოხალისეობის წახალისებას. ეს პოზიცია ჩემთვის ნიშნავს პასუხისმგებლობა ავიღო იმაზე, რომ გამგეობამ და  მოხალისეებმა შეთანხმებულად შეძლონ გაზაფხულის სემესტრი აქტივობებით დატვირთვა. ამავე, პოზიციის ფარგლებში ჩემი მოვალეობაა, ჩვენი ხედვა და გამოცდილება საერთაშორისო შეხვედრებზეც წარვადგინო“.

 

თინათინის უახლოესი გეგმა სოციალური მუშაობის ბაკალავრის ხარისხის მოპოვება და სპეციალობით დასაქმებაა. ჯერჯერობით  მაგისტრატურაზე ჩაბარებას არ აპირებს.საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისათვის ცდილობს უცხო ენების ცოდნა კიდევ უფრო გაიუმჯობესოს. უფრო შორსმიმავალ გეგმებზე საუბარი ამ დროისთვის უჭირს, მაგრამ დიდი სურვილი აქვს  თსუ-სთან კავშირი მომავალშიც ჰქონდეს.

 



 

თარიღი: 12/04/2024