საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ადმინისტრაციულ სამართალში 2019

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება ატარებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას ადმინისტრაციულ სამართალში 2019.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს აკრედიტირებულ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამართლის საბაკალავრო  და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. 
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის დაიშვება სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ ის სტუდენტი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი ან ზოგადი  ადმინისტრაციული სამართალი I (საჯარო მმართველობა).
კონფერენციის თემატიკა: კონფერენციის თემატიკა შეზღუდული არ არის. სტუდენტი უფლებამოსილია საკონფერენციო ნაშრომი წარმოადგინოს ადმინისტრაციული სამართლის (ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილი, ადმინისტრაციული სამართლის პროცესი) ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე. 
წარმოდგენილი ნაშრომის მთავარ ღირსებად მიიჩნევა საკითხის სიახლე, აქტუალურობა, პრობლემის დასმა, ლოგიკურობა, არგუმენტირებული დასკვნები, პრობლემის გადაწყვეტის გზები, ავტორთა შეხედულებები ადმინისტრაციული კანონმდებლობისა და პრაქტიკის სრულყოფის მიზნით და არსებულის გასაუმჯობესებლად, კვლევის სხვა მეთოდებთან ერთად შედარებითი მეთოდის გამოყენება, შესაბამისი აქტუალური, თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის, პრაქტიკის მითითება. 
წარმოდგენილი ნაშრომი  უნდა იყოს ორიგინალი და ის არ უნდა იყოს მანამდე  გამოქვეყნებული რომელიმე ფორმით (იგულისხმება გამოქვეყნების ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნება). უკვე გამოქვეყნებული ნაშრომი არ მიიღება.  აღნიშნულის გათვალისწინებით, ავტორმა წერილობით უნდა დაადასტუროს (რომელიც ნაშრომს გამოგზავნისას თან უნდა დაურთოს), რომ მის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი მთლიანად ან ნაწილობრივ  არ არის გამოქვეყნებული ან წარდგენილი/მიღებული რომელიმე გამოცემაში გამოსაქვეყნებლად.
ტექნიკური მოთხოვნები და ციტირების წესი: სტუდენტმა ნაშრომის სატიტულო გვერდზე უნდა მიუთითოს თემის სახელწოდება, შესაბამისი უნივერსიტეტის  სახელწოდება, რომელი კურსის სტუდენტია, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი. კონფერენციაზე დაშვების შემთხვევაში, სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა), გამოიგზავნოს ელექტრონულად შესაბამის ელექტრონულ მისამართზე და კონფერენციაზე წარმოდგენილი უნდა იყოს  ერთ ეგზემპლარად, დაბეჭდილი უნდა იყოს შრიფტით - Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.), ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 12, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 10, სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს ერთი ერთეული (Single), აბზაცი გამოიყოს ერთი Enter-ით (და არა Tab-ით), მარცხენა და მარჯვენა მხარეს უნდა იყოს 2,5-2,5 სმ სიგანის მინდორი, თითოეული გვერდი უნდა დაინომროს გვერდის ბოლოს, მარჯვენა მხარეს, ნაშრომი უნდა ასახავდეს სახელწოდებას, ავტორის ვინაობას, ავტორის ტიტულზე მითითებას. 
ნაშრომის სტრუქტურულ შემადგენელ თავებს/ქვეთავებს ენიჭება ნუმერაცია არაბული რიცხვებით (1.;2.;1.1.;2.2.3.; და ა.შ.), ინომრება შესავალი და დასკვნაც. სასურველია ნაშრომში განვითარებული მსჯელობა წარმოდგენილ იქნეს მე-3 პირში. 
ნაშრომში ამა თუ იმ სახელწოდების აბრევიატურის/შემოკლების/საკვანძო სიტყვის არსებობისას მისი გამოყენების პირველ შემთხვევაში ის უნდა იყოს სრული სახით მითითებული და ფრჩხილებში უნდა მიეთითოს მისი შემოკლება, რაც შემდეგში გამოყენებულ იქნება ტექსტში. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საყოველთაოდ მიღებულ შემოკლებებზე (მაგ.: შეად.,იხ.,წ., და ა.შ. ).
სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული შესაბამისი გვერდის ბოლოს.  ნაშრომს არ დაერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია. ციტირებისას აკადემიური წერის მოთხოვნები დაცული უნდა იყოს. 
გვერდების რაოდენობა: ნაშრომის/თემის გვერდების რაოდენობაა 10-დან 20 გვერდამდე.
საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ვადა და მისამართი: დაინტერესებულმა სტუდენტმა ნაშრომი უნდა გამოაგზავნოს  მიმდინარე წლის არაუგვიანეს  20 მაისისა შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: administrativelaw@tsu.ge და  ასევე, კონფერენციაზე ზეპირი პრეზენტაციისას უნდა წარმოადგინოს  ნაშრომის ამობეჭდილი ვერსია.
კონფერენციაზე ნაშრომის დაშვების წინაპირობა: სამეცნიერო კონფერენციაზე დაიშვება მხოლოდ ის ნაშრომი, რომელიც აკმაყოფილებს კონფერენციის თემატიკისათვის გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ტექნიკურ მოთხოვნებს.
კონსულტაციის მიღების უფლება: დაინტერესებული სტუდენტი კონსულტაციის მისაღებად  უფლებამოსილია დაუკავშირდეს ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ნებისმიერ წევრს, ასევე კითხვები გამოგზავნოს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. 
კონფერენციაზე დაშვების შესახებ შეტყობინების მიღება: კონფერენციაზე დაშვების შესახებ კონკრეტული ნაშრომის ავტორები შეტყობინებას მიიღებენ  ელექტრონულ ფოსტაზე მიმდინარე წლის არა უგვიანეს 10 ივნისისა.
კონფერენციაზე პრეზენტაციის წარმოდგენა და ხანგრძლივობა: კონფერენციის მონაწილემ ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე   უნდა წარმოადგინოს 15 წუთიანი პრეზენტაცია Power Point-ის პროგრამის გამოყენებით (შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება). 
საკონფერენციო ნაშრომისა და ზეპირი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები: 1) თემის აქტუალობის, სიახლის წარმოჩენა და მიღებული შედეგების დასაბუთება; 2) თავისუფალი აზროვნება და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთების უნარი; 3) პრეზენტაციისა და დისკუსიის წარმართვის უნარი; 4) ნაშრომის აკადემიური და ტექნიკური შეფასება (მათ შორის, დაცულია, თუ არა ნაშრომის სტრუქტურა და ციტირება). 
ჟიური: სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციზე წარმოდგენილი იქნება  ჟიური, რომელიც ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, გამოავლენს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების  სამ-სამ გამარჯვებულ სტუდენტს. სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები კონკურსში მონაწილეობენ მისივე საფეხურის სტუდენტებთან.  შესაბამისად, I, II და III ადგილი სამართლის ორივე საგანმანათლებლო პროგრამისთვის განაწილდება ცალ-ცალკე.
სერტიფიკატის გადაცემა: სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი ადგილის მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატები, ასევე საჩუქრად გადაეცემათ წიგნები, ხოლო დანარჩენი მომხსენებლები მიიღებენ მონაწილეობის  დამადასტურებელ სერტიფიკატებს. 
კონფერენციის ჩატარების თარიღი: სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ადმინისტრაციულ სამართალში ჩატარდება 22 ივნისს. კონფერენციის  ჩატარების კონკრეტული  საათი და ადგილი მოგვიანებით გეცნობებათ.  

თარიღი: 03/04/2019