საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შემოდგომის ლეგენდა 2023 - იმპროვიზაციული ტური

30 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კახეთში, წინანდლის მამულში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2023“ იმპროვიზაციული ტური დაიწყო.

 

იმპროვიზაციული ტურში მონაწილეობას პირველი ტურის შედეგად გამოვლენილი 9 ფინალისტი და ლეგენდის ქვე პროექტის - შემოქმედებითი მასტერკლასის „წერის არქიტექტურის“ კონკურსის გამარჯვებული იღებს. ფინალისტები ლიტერატურული ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე „24/7“-ზე, 12 საათის განმავლობაში, ახალ ნაშრომებს შექმნიან. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია 1000, 700 და 500 ლარის ოდენობით, კონკურსის ჯილდო და კონკურსის პარტნიორის - კომპანია „გალფის“ სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

 

წელს ლეგენდის ჟიური 7 წევრისგან შედგება, რომელთა შორის სამი მუდმივი წევრია, მწერლები: დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი და მაკა ლდოკონენი, ჟიურის წევრია კომპანია "გალფის" ვიცე-პრეზიდენტი ნინჩო ჯიბლაძე, მოწვეული წევრები: ივა ფეზუაშვილი და დავით ქართველიშვილი, რომელიც ლეგენდის ჟიურის 15 წლის თავზე კვლავ შემოუერთდა და პირველი წლის მსგავსად ისევ ჟიურის შემადგენლობაშია; ჟიურის წევრია ასევე შარშანდელი გამარჯვებული: თაკო წულაია, რომელიც ლეგენდის ტრადიციას აგრძელებს და გამარჯვების შემდეგ ჟიურის მუშაობას უერთდება.

 

ლეგენდა 2023-ში მონაწილება ჯამში 26 უნივერსიტეტის 255 სტუდენტმა მიიღო, რომლიდანაც შიდა შესარჩევმა ჟიურიმ საუკეთესო 10 გამოვლინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „გალფის“ ერთობლივი პროექტი განკუთვნილია მათთვის,  ვინც ქმნის პროზაულ ნაშრომებს, სურს მიიღოს ლიტერატურული გამოცდილება, გაიცნოს სფეროს წარმომადგენლები და გააცნოს თავისი ნაშრომი საქართველოს. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ.

 

ლეგენდა 2023-ის გამარჯვებულები ნოემბრის ბოლოს გამოვლინდებიან. იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი ნაშრომები კი, ტრადიციულ, ყოველწლიურ ბროშურაში დაიბეჭდება, რომელიც კონკურსის დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.

თარიღი: 30/10/2023