საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა ფრანგულ დელეგაციასთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგმა მეცნიერებმა და დიპლომატებმა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის გაცნობის მიზნით, თსუ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. 

 

ფრანგულ დელეგაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის (CNRS), ნანტერის უნივერსიტეტის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე,  თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის და კამპუს ფრანსის (საქართველო) ხელმძღვანელები.

 

როგორც დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, მათი საქართველოში ვიზიტის მიზანია, ახლოს გაეცნონ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით სხვადასხვა კვლევითი ცენტრისა და კვლევით ინსტიტუტების საქმიანობას.

 

„ახლო მომავალში, ვგეგმავთ ახალი კვლევითი ცენტრის გახსნას თბილისში და პოტენციური პარტნიორების მოძიებას. გვსურს, გავაფართოვოთ კვლევითი საქმიანობა კავკასიაში და თქვენს მკვლევარებთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშაოთ. მათ შორის, ისტორიის, პოლიტიკის მეცნიერებების, სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის მიმართულებით. ბევრი მიმართულებით შეიძლება დავგეგმოთ ერთობლივი კვლევები. ჩვენი ცენტრის მიზანი იქნება ქართველი და ფრანგი მეცნიერების, უნივერსიტეტების, ინსტიტუტების დაკავშირება“,- აღნიშნა  საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევითი და უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიომ რობერმა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო უნივერსიტეტში და თსუ კვლევით ინსტიტუტებში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ასევე, ისაუბრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან განხორციელებული ერთობლივი კვლევითი პროექტებზე, მათ შორის ერთობლივ ქართულ-კორეულ არქეოლოგიურ ექსპედიციაზე, საერთასორისო კონფერენციებზე, სტრასბურგის ჟურნალისტიკის სკოლასთან განხორციელებულ ერთობლივ საზაფხულო სკოლაზე, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებზე, უცხო ენების სწავლების შესაძლებლობებზე, გაცვლით პროგრამებსა და სტიპენდიებზე.

 

შეხვედრის ბოლოს გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი და დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.

თარიღი: 19/03/2024