თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სახელმძღვანელოს „ძველი ახლოაღმოსავლეთის კანონები“ (ავტორები: ერეკლე ასტახიშვილი, მაია ღამბაშიძე, ნინო ჩარექიშვილი) პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის პირველი ფუნდამენტური კვლევა საქართველოში, რომელიც ეხება კაცობრიობის ისტორიაში უძველესი სამართლებრივი ძეგლების ისტორიული და სამართლებრივი შედარებითი ანალიზის პერსპექტივებს.
„სამართლის ძეგლები ზუსტად ასახავს ეპოქის სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ ვითარებას. შესაბამისად, ეს წიგნი არის საუკეთესო წყარო იმ პერიოდის შესასწავლად. ძალიან საინტერესოა ამ წყაროების შესწავლა კავკასიასთან კონტექსტში. ამიტომაც ეს გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი სტუდენტებისთვის და აკადემიური საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ღონისძიებაზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
გამოცემის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ ერეკლე ასტახიშვილის თქმით, „ტექსტების შესწავლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ იცვლება. მათ შორის აქამდე გავრცელებული და სამეცნიერო წრეებში მიღებული მრავალი მოსაზრება.“
„ძველი ახლოაღმოსავლეთის კანონები“ ავტორთა ამ კოლეგიის მიერ გამოცემული მესამე წიგნია. მანამდე გამოიცა „დაკრძალვის ხეთური რიტუალი“ და „ჭირი ხეთებთან“.