საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია თსუ კომპიუტერული სპორტის კლუბის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული სპორტის კლუბი დაარსდა. პრეზენტაციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს ახალი კლუბის დაარსება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

„უკვე სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა კომპიუტერული თამაშების მიმართულება.  მთელი მსოფლიო გადადის იმ სამყაროში, სადაც გლობალურ ქსელებს განუზომელი რესურსი აქვს და ამ რესურსების გამოუყენებლობა იქნება დანაშაული. ეს არის ხვალინდელი დღე. თქვენ შეგიძლიათ თავად შექმნათ პროგრამები და თუ ვინმე ამ საქმიანობას სპორტული შეჯიბრის გარდა, თქვენს პროფესიად აქცევთ, უკვე გექნებათ ძალიან დიდი შესაძლებლობები სამომავლოდ. ახალგაზრდებს მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ გქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სივრცეზე, სადაც შეიკრიბებით და იმუშავებთ“,- განუცხადა ჯაბა სამუშიამ კლუბის წევრ სტუდენტებს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის კახი კუჭუხიძის ინფორმაციით,  საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი კლუბი პირველად დაარსდა. „კომპიუტერული სპორტის კლუბი არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება ჩვენი უნივერსიტეტისთვის.  ჩვენი კარი არის ღია ინოვაციების მიმართ. კიბერსპორტის შემოტანით საუნივერსიტეტო სივრცეში გავამრავალფეროვნებთ სტუდენტურ ცხოვრებას, ახალ საფეხურზე გადავალთ. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, დიგიტალიზაციის საუკუნეში, ვალდებული ვართ, ამ ყველაფერს ფეხი ავუწყოთ და სტუდენტებს შევთავაზოთ ახალი პროექტები“,- აღნიშნა კახი კუჭუხიძემ.

 

კომპიუტერული სპორტის კლუბი გააერთიანებს კიბერსპორტით დაინტერესებულ სტუდენტებს; სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში გაიმართება ჩემპიონატები კომპიუტერული სპორტში; ასევე, შეიქმნება კიბერსპორტული ბაზა - შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე, სადაც ივარჯიშებენ თსუ ნაკრების წევრები და შემდგომ იასპარეზებენ ეროვნულ და საერთაშორისო ჩემპიონატებზე.

 

კომპიუტერული სპორტის კლუბი სტუდენტური თვითმმართველობის და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით დაარსდა.

თარიღი: 12/04/2024