საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია საქართველოში იაპონიის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიზუკა ჰიდეკის და იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშეს მაიკო სიმიზუს შეხვდა. შეხვედრა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და იაპონიის საელჩოს კულტურული საგრანტო პროგრამის წარმატებით დასრულებას შეეხებოდა.

 

შეხვედრაზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ იაპონიის მხარეს კომპლექსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „ჩვენ ვაფასებთ იაპონიის მხარის თანმიმდევრულ მხარდაჭერას იაპონისტიკის სასწავლო პროგრამების განვითარებისა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნოლოგიური გაძლიერების მიმართულებით. განახლებული ბიბლიოთეკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოებისათვის და ამ პროექტმა მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა.“

 

პროექტის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ინოვაციურია. იაპონური გრანტის შედეგად ბიბლიოთეკამ მიიღო Bookeye მაღალი გარჩევადობის A1 ფორმატის სკანერი და სერვერი, რაც მომავალში იშვიათი, უნიკალური და ისტორიულად ღირებული მასალის მაღალი ხარისხით გაციფრულებას უზრუნველყოფს. გაციფრულების პროცესი არსებითად გააუმჯობესებს ქართული სამეცნიერო და მხატვრული მემკვიდრეობის დაცვას, უზრუნველყოფს მასალის ფართო ხელმისაწვდომობას და მის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას.

 

გაციფრებული პროდუქტი ეტაპობრივად განთავსდება ღია წვდომის რეპოზიტორიუმებში, რაც გაამარტივებს კვლევით პროცესებს, გაზრდის საერთაშორისო დაინტერესებას და ქართულ კულტურულ მონაპოვარს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

თარიღი: 11/12/2025