საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია ჯემალ აჯიაშვილის 80 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას  ინიციატივით დაწესდება ერთჯერადი სტიპენდია ჯემალ აჯიაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთ-ერთ წარჩინებულ სტუდენტს გადაეცემა. ეს ინიციატივა რექტორმა  ჯემალ აჯიაშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციაზე "კულტურათა დიალოგი გრძელდება" გააჟღერა.   სამეცნიერო კონფერენციაზე შეკრებილმა საზოგადოებამ, კოლეგებმა, სტუდენტებმა გაიხსენეს ჯემალ აჯიაშვილი, ისაუბრეს მის სამეცნიერო, კულტურულ, ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობაზე.

 

 

 თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ჯემალ აჯიაშვილზე, როგორც ქართულ-ებრაული ურთიერთობის სიმბოლოზე ისაუბრა. „ჯემალ აჯიაშვილის გარეშე წარმოუდგენელია ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობა. უახლესი ქართული ლიტერატურა წარმოუდგენელია ჯემალ აჯიაშვილის შემოქმედებისა და მთარგმნელობითი საქმიანობის გარეშე. იგი ნამდვილი უნივერსიტეტელი იყო. მისი პირველი ნაშრომიც „პირველ სხივში“ გამოქვეყნდა და აქედან მოყოლებული ჩვენი საზოგადოება ადევნებდა თვალს მის შემოქმედებას. მე გამოვყოფდი მის ერთ-ერთ თარგმანს - ებრაული შუა საუკუნეების პოეზია, რომელიც გამომცემლობასთან ერთად, ჩვენი ახალი პროექტის „მსოფლიო ლიტერატურის“ ფარგლებში ხელახლა დაიბეჭდება,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა ჯემალ აჯიაშვილის მოღვაწეობა და ღვაწლი გაიხსენა. „ჭეშმარიტმა უნივერსიტეტელმა, შესანიშნავმა მთარგმნელმა, პოეტმა, მწერალმა და მკვლევარმა ჯემალ აჯიაშვილმა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მე-20 საუკუნის ქართული კულტურის განვითარებაში, არაერთ თაობაში გაავრცელა და დაამკვიდრა ის ღირებულებები, რომლებსაც აგერ უკვე ერთი საუკუნეა უნივერსიტეტი ამკვიდრებს ქვეყანაში. მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობა იყო განსაკუთრებული მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც შეგვიძლია მოკლედ შევაფასოთ, როგორც ნატიფი და უბადლო. ჯემალ აჯიაშვილი ერთნაირი სიღრმით ეცნობოდა და წარმოაჩენდა სხვადასხვა ეპოქის, ესთეტიკისა და კულტურის წარმომადგენელთა შემოქმედებას,“ - აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა.

 

ღონისძიების ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების პროფესორებმა და სტუდენტებმა, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც ჯემალ აჯიაშვილის მოღვაწეობას მიეძღვნა.

 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ინსტიტუტი, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის თარგმანთმცოდნეობის კათედრა, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, კულტურის კვლევების ს/ს ინსტიტუტი, ისრაელის ცენტრი. სამეცნიერო კონფერენცია 23 მარტს დასრულდა.

 

ჯემალ აჯიაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ასევე სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი უძღვებოდა.

თარიღი: 23/03/2024