საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია „თსუ დესპანი 2023“-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვასა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტი „თსუ დესპანი 2023“ დაიწყო. პროექტის მონაწილე სტუდენტებს თსუ რექტორი ჯაბა სამუშია შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
 

„თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია გაქვთ, რადგან წარმოადგენთ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტს, რომელმაც საქართველოში შექმნა როგორც უმაღლესი სკოლა, ასევე საფუძველი ჩაუყარა მეცნიერების განვითარებას. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, იმიტომ რომ ეს  უნივერსიტეტი უპირველესად არის სტუდენტების“ - განაცხადა რექტორმა სტუდენტებთან შეხვერისას.
 

„თსუ დესპანი 2023“ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის მიზანია ნებისმიერი საფეხურის სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება. პროექტი 11 წელია ხორციელდება და მასში მონაწილეობა უკვე 5000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. წელს კი, პროექტში მონაწილეობის სურვილი 400-მდე სტუდენტმა გამოთქვა.
 

ბოლო სამი წლის განმავლობაში, პროექტი ხორციელდება სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრთან ერთად. ეს დამატებითი შესაძლებლობაა ჩართული სტუდენტებისთვის, რადგან მათ აქვთ საშუალება წვდომა ჰქონდეთ მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სახის აქტივობაზე, რაც მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი პასუხობს უნივერსიტეტის მესამე მისიით განსაზღვრულ საჭიროებებს და შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში.
 

პროექტის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, ჩაერთონ ისეთ მნიშვნელოვან ტრენინგებში როგორებიცაა: კარიერის მართვის კურსი; გუნდური მუშაობა და პრობლემის გადაჭრა; პროექტის წერა.
 

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდებათ საჭირო ტრენინგები პრეზენტაციის უნარებში, რის შემდეგაც თებერვლის მეორე ნახევრიდან ესტუმრებიან მშობლიურ სკოლას და  უფროსკლასელებს საკუთარ საუნივერსიტეტო გამოცდილებას გაუზიარებენ.

თარიღი: 31/01/2023