საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან მუჰამედ კეტატასთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და ფრანგული ენის სწავლების მხარდაჭერის მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს, ასევე, შეაფასეს უნივერსიტეტში AUF - ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის საქმიანობის შედეგები.

 

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, დაიგეგმა ფრანკოფონიის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების გაერთიანებული შეხვედრა, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. „მუჰამედ კეტატა ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია, მისი როლი ფრანკოფონიის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ, ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც ერთობლივად გვაქვს დაგეგმილი“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის მუჰამედ კეტატას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი AUF- ისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. როგორც დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, მათი ვიზიტის მიზანია, შეაფასონ თუ როგორ ხორციელდება უნივერსიტეტებში AUF-ის სტრატეგია. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ უნივერსიტეტში ფრანგული ენის სწავლების გაძლიერებას და ხელი შეუწყონ პარტნიორ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობას.

 

 AUF მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია. 2023 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რექტორთა კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წარდგინებით. 

თარიღი: 07/11/2023