საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა.  მემორანდუმის მიზანი უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობაა.

 

უნივერსიტეტების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შერჩეულმა თსუ-მა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტმა აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლასთან ხელი მოაწერეს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, „პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია განათლების სფეროში სიახლეების თვალსაზრისით,  რადგან მასწავლებლების გადამზადების და პოლიტიკის შემუშავების კუთხით სიახლეთა მთელი ციკლი იგეგმება“. 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა ღონისძიებაზე განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით ამერიკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

 

 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რობინ ლ. დანიგანის განცხადებით: „ამერიკასა და საქართველოს შორის ახალ პარტნიორობის მიზანია  ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა. პროგრამა დაეხმარება მასწავლებლებს, სტუდენტებს გააძლიერონ სწავლების მეთოდები. აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლება არის ფუნდამენტი ზოგადად განვითარების და საქართველოს ევროატლანტიკური კურსისთვის.“

 

შეთანხმების თანახმად, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლა მომავალი ოთხი წლის მანძილზე პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს შესთავაზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ექსპერტულ დახმარებას. ეს გულისხმობს ახალი სასწავლო კურსების შემუშავებას, სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, თანამედროვე ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა  და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა.    

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან უშუალო პარტნიორობით, USAID განათლება მომავლისთვის მიზნად ისახავს მომავალ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის ამაღლებას, სკოლების ადმინისტრატორების, როგორც საგანმანათლებლო ლიდერების, შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას სკოლის მართვის სხვადასხვა დონეზე და საქართველოს განათლების სისტემის ფარგლებში სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას.

თარიღი: 30/01/2024