საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ გამომცემლობებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ-ში წიგნის მაღაზიების დიდი ქსელის შექმნაზე და ამ ქსელში თსუ გამომცემლობის გარდა სხვა გამომცემლობების წიგნების შეტანაზე ისაუბრა ღონისძიებაზე, რომელზეც ხუთ გამომცემლობასთან თანამშრომლების მემორანდუმები გაფორმდა. „საუნივერსიტეტო მაღაზიის ქსელში -  „უნივერსიტეტის წიგნი“ გაიყიდება სახელმძღვანელოები,  მხატვრული ლიტერატურა და სხვა ჟანრის გამოცემები. ცხადია, ეს გამოცემები დააკმაყოფილებს გარკვეულ აკადემიურ სტანდარტებს. თსუ-ის 25 ათასი სტუდენტი, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები წიგნებს შეღავათიან ფასად  შეიძენენ,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

გამომცემლობების „სეზან ფაბლიშინგი“ (მანანა კარტოზია), „ჩემი გამომცემლობა“(ოლიკო ცისკარიშვილი), „მერიდიანი“ ( გიორგი გიგინეიშვილი), „კარპე დიემი“ (ალექსანდრე ალადაშვილი), „არეტე“ (გიორგი დარსალია) წარმომადგენლებთან საუბრისას რექტორმა აღნიშნა, რომ თსუ-ში იგეგმება აკადემიური წიგნის ფესტივალის, წიგნების გამოფენა-გაყიდვების ორგანიზება, რაც, ერთი მხრივ, ახალგაზრდა თაობის წიგნიერებას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ, პოპულარიზაციას გაუწევს ახალ გამოცემებს.

 

ამასთან, მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალი წიგნებით გამდიდრება. თანამშრომლობის ფარგლებში გამომცემლობები ვალდებულებას იღებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადმოსცენ ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარი.  უნივერსიტეტი დახმარებას გაუწევს გამომცემლობებს ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა–გაყიდვის ორგანიზებაში.

თარიღი: 07/03/2024