საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ თსუ საპატიო დოქტორებს დიპლომები გადასცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ გერმანიის ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ ბერნდ ჰაინრიხსა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ მარტინ ჰეგერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომები გადასცა.
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებებით, პროფესორებს დოქტორ ბერნდ ჰაინრიხს და დოქტორ მარტინ ჰეგერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭათ.
 

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, ქართველი და გერმანელი სპეციალისტები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ  გერმანელი პროფესორების მიერ ქართულ-გერმანულ სამეცნიერო თანამშრომლობაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა. როგორც რექტორმა აღნიშნა, პროფესორები ბერნდ ჰაინრიხი და მარტინ ჰეგერი მრავალი წელია თანამშრომლობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოში. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება არის ის უმაღლესი ჯილდო, რომელსაც ვანიჭებთ უცხოელ პროფესორებს იმ ღვაწლისთვის, რომელიც მათ გასწიეს ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი რანგის პროფესორები ხდებიან ჩვენი საპატიო დოქტორები. გამორჩეულია მათი სამეცნიერო მუშაობა - მათი მონაწილეობით და მხარდაჭერით მომზადდა არაერთი სახელმძღვანელო და სტატია, ასევე, ბევრმა ჩვენმა ახალგაზრდა იურისტმა მათი დაიხმარებით გაიკვალა გზა წარმატებისკენ. ვიმედოვნებ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
 

„ჩემი აკადემიური კარიერის განმავლობაში ეს არის ყველაზე საპატიო ჯილდო. ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს, ერთობლივად ვახორციელებთ არაერთ პროექტს და ეს ჯილდო არის სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგი“- აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა პროფესორმა მარტინ ჰეგერმა.
 

პროფესორები ბერნდ ჰაინრიხი და მარტინ ჰეგერი 2006 წლიდან არიან ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა გაცვლითი სემინარის „Netzwerk Ost-West“ თანაორგანიზატორები; ბერლინის ჰუმბოლდტისა და ტიუბინგენის ებერჰარდ კარლსის სახელობის უნივერსიტეტებში ქართველი დოქტორანტების ხელმძღვანელები და მრავალი ქართველი მოწვეული მეცნიერის მასპინძლები; საქართველოში მრავალი კონფერენციისა და შეხვედრის მონაწილეები. ასევე, არიან გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის (DGStZ) და ციფრული სისხლის სამართლის ტერმინების ქართულ-გერმანული ჟურნალის (DGDSG) თანადამფუძნებლები და თანარედაქტორები; 2016-2021 წლებში გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის პროექტის - „საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი ევროპული და საერთაშორისო სამართლის გავლენის ქვეშ“ - პარტნიორები; საქართველოში განხორციელებული მრავალი საზაფხულო სკოლისა თუ პროექტის ხელმძღვანელები და მონაწილეები.
 

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით საპატიო დოქტორებმა გამართეს საჯარო დისკუსია თემაზე - „სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აქტუალური ასპექტები გერმანიაში, საქართველოსა და ევროპაში“.

თარიღი: 12/01/2024