საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ კანზას სითის მისურის უნივერსიტეტთან (აშშ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კანზას სითის მისურის უნივერსიტეტთან (აშშ)  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კანზას სითის მისურის უნივერსიტეტს (აშშ) შორის გაფორმებული მემორანდუმი საგანმანათლებლო და კვლევით თანამშრომლობას ითვალისწინებს. თანამშრომლობის ფარგლებში, მისურის უნივერსიტეტში თსუ სტუდენტებისთვის გამოყენებული იქნება სწავლების საფასურისა და სხვა მოსაკრებლების სპეციალური განაკვეთები და სტუდენტთა მიღების წინაპირობების საგამონაკლისო წესი.

 

ღონისძიებას კანზას სითის მისურის უნივერსიტეტის (UMKC) სამართლის სკოლის პროფესორი თომას ნანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, UMKC-ის სამართლის სკოლის Juris Doctor პროგრამის კანდიდატი და თანამშრომლობის ინიციატორი ნიკა წიკლაური, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ კანზას სითის მისურის უნივერსიტეტის წარმომადგენელს თსუ იურიდიული ფაკულტეტის შესახებ დეტალური  ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, თსუ-ის სამართლის სკოლას დიდი ტრადიცია აქვს. ფაკულტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, აქვს ორმაგი ხარისხის პროგრამები სხვადასხვა უნივერსიტეტთან და კანზას სითის მისურის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

 

„საერთაშორისო სტუდენტების კონტინგენტის გაზრდა ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე გვყავდა ძალიან კარგი ქართველი სტუდენტები და გვინდა, კიდე უფრო მეტი ასეთი სტუდენტი მივიღოთ“,- განაცხადა კანზას სითის მისურის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა თომას ნანიმ.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას სწავლების სხვადასხვა საფეხურზე; სასერტიფიკატო პროგრამების დაგეგმვას და განხორციელებას; ლექციებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მეცნიერი თანამშრომლების და კურსდამთავრებულების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას; ასევე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისა და მეცნიერი თანამშრომლების გაცვლას სასწავლო და კვლევითი მიზნით. პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელს მოაწერს კანზას სითის მისურის უნივერსიტეტის პროვოსტი და აღმასრულებელი ვიცე-კანცლერი ჯენიფერ დ. ლანდგრენი.

თარიღი: 10/04/2024