eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ მიმდინარე სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, თსუ-ის სასწავლო კორპუსებში მიმდინარე სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოების ფარგლებში განახლდა თსუ-ის IX სასწავლო კორპუსში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის სასწავლო სივრცეები. მოეწყო კომპიუტერული კლასები და სტუდენტთა მომსახურების ცენტრი. კომპიუტერული კლასები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სასწავლო პროცესის თანამედროვე გარემოში წარმართვის შესაძლებლობას მისცემს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება თსუ-ის X სასწავლო კორპუსშიც, სადაც სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისა და სტუდენტებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით მეოთხე და მეექვსე სართული სააუდიტორიო და კომპიურეტული სივრცეების განახლება მიმდინარეობს.

ამასთან, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თსუ-ის ბიბლიოთეკაში. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცეები, რომლებიც გააერთიანებს საგამოფენო, ადმინისტრაციულ და სასწავლო დანიშნულების ინფრასტრუქტურას.

ასევე სრულდება თსუ-ის II სასწავლო კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ეზოს ინფრასტრუქტურა და შეიქმნება თანამედროვე, ფუნქციური და კომფორტული სივრცე, რომელიც სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს დასვენების, შეხვედრებისა და სხვადასხვა აქტივობისთვის შესაბამის გარემოს შესთავაზებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო ინფრასტრუქტურის განახლება ეტაპობრივად გრძელდება. მიმდინარე სამუშაოების მიზანია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და სასწავლო პროცესის საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა.

თარიღი: 17/09/2026