თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარია თეოდორუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებს ისტორიულ კონტექსტში, ასევე, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის საერთო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს შეეხო. როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტი დაარსების დღიდან განსაკუთრებულად ზრუნავს ბერძნული ენისა და კულტურის შესწავლასა და განვითარებაზე საქართველოში. თავის მხრივ, საბერძნეთის ელჩმა საქართველოში მარია თეოდორუმ იმ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქართულ და ბერძნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებობს. თსუ რექტორმა გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს მიეცეს შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების საშუალებით გაიღრმაოს ცოდნა. აქვე აღინიშნა საბერძნეთთან დაკავშირებული იმ ისტორიულად საინტერესო მასალების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში ინახება. რექტორის თქმით, ეს მასალები ნამდვილად ღირებული იქნება იმ ბერძენი მეცნიერებისთვის, ვინც ამ სფეროს შესწავლითა და კვლევით არის დაკავებული.