საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის დაარსება”

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით 2022 წლის 28 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის პერიოდში ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ფარგლებში მეშვიდე და მერვე სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელსაც თსუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკა მასპინძლობდა. ოთხდღიან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტიდან, ფაკულტეტებისა და თსუ-ის ცენტრალური ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები და დაინტერესებული მხარეები. 

 

სამუშაო შეხვედრის პირველი ნაწილი გაიხსნა ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის მისალმებით და პროექტის მონაწილეებისთვის სამუშაო შეხვედრაზე განსახილველი თემების მიმოხილვით. ვორქშოფის პირველი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის ტექნიკების განხილვას, რომელსაც უძღვებოდა თსუ-ის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თამარ გოგუა. მან შეხვედრებზე მონაწილეებს გააცნო მსოფლიოში უმსხვილესი და ყველაზე ავტორიტეტული სამეცნიერო ბაზები Scopus და Web of Science,  განიხილა აღნიშნულ ბაზებთან მუშაობის სპეციფიკები, ისაუბრა Elsevier-ის ScienceDirect (SD) ბაზასა და Mendeley-ის რეფერენს მენეჯერზე, სამეცნიერო კვლევების ხელშემწყობ ფონდებსა და საგრანტო პროექტებზე. 

 

სამუშაო შეხვედრების დასკვნით ნაწილს უძღვებოდა თსუ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების ხელმძღვანელი თეიმურაზ ყანჩელი. უნივერსიტეტის ბაზებთან მუშაობის სპეციფიკისა და  თსუ რეპოზიტორში მუშაობის თავისებურებების განხილვის შემდეგ, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი საუკეთესო გამოცდილებები, მიიღეს პრაქტიკული რჩევები საკუთარი სამეცნიერო პროფილის ეფექტურად მართვასთან დაკავშირებით. 

 

პროექტის კოორდინატორმა პროექტში ჩართულ აკადემიურ-ადმინისტრაციულ პერსონალსა და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილა მსოფლიოში ცნობილ სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარების მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულების ხელშეწყობისთვის თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ სამომავლოდ სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება. 

 

ევროკომისიის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის სამუშაო შეხვედრების კვირეულის შეჯამებისას, პროექტის მონაწილეებმა იმსჯელეს განმავითარებელი ტრენინგების აუცილებლობაზე, მათ შორის, მკვლევრებისა და სტუდენტების დასაქმების გაზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების კუთხით და განიხილეს ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი თსუ-ის მისიასთან მიმართებაში.

 

 

თარიღი: 03/10/2022