საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მარიამ ლორთქიფანიძე - 100“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ქართველ მკვლევრებთან ერთად მონაწილეობა ბულგარეთის, ესტონეთის, პოლონეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.
 

კონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ სიტვით მიმართა. „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების XVIII ტომი მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომელშიც ძალიან საინტერესო სტატიებია წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი სტუდენტი დაინტერესდა და ჩაერთო კონფერენციაში“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ
 


„მარიამ ლორთქიფანიძე ბრწყინვალე მკვლევარი, ლექტორი და არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი იყო - საქართველოს ისტორიიის კათედრის გამგე. საქართველოს ისტორიიის ინსტიტუტი არის ამ კათედრის სამართალმემკვიდრე და საქმეების გამგრძელებელი. ჩვენი მოვალეობა იყო სტუდენტებთან ერთად, მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების 100 წლისთავი აღგვეღნიშნა, - განაცხადა თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თედო დუნდუამ
 

მარიამ ლორთქიფანიძე საქართველოს ისტორიის კათედრას ოცდახუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. საქართველოს აკადემიური საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენელი მრავალი წელი ზრუნავდა ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის, როგორც დისციპლინის განვითარებაზე. საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობისთვის, მარიამ ლორთქიფანიძე დაჯილდოებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმ. გიორგის ოქროს ორდენით. გამოქვეყნებული აქვს სამასზე მეტი სამეცნიერო თუ სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი.
 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მარიამ ლორთქიფანიძე - 100“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

 

თარიღი: 23/12/2022