საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ადამიანის უფლებათა დაცვა: საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება“ - წიგნის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ეგიდით გამოცემული რიგით მეჩვიდმეტე ყოველწლიური კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა: საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულის გამოცემის ინიციატორი და სამეცნიერო რედაქტორია თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია. კრებულის პრეზენტაციას  აკადემიური წრეების, ასევე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 
 

ადამიანის უფლებათა სფეროში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესოა, სწორედ ამ მიმართულებით წიგნის გამოცემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, განაცხადა კონსტანტინე კორკელიამ. მისი თქმით, ასეთი ცოდნის დაგროვება ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკის გაუმჯობესებას საქართველოში. წიგნში ასახულია საყურადღებო მოსაზრებები − როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობა და დაიხვეწოს პრაქტიკა. 


კრებულში თავმოყრილი სტატიები ეძღვნება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა საქმეების წინასწარი გაშუქება მედიაში, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიება, ინფორმირებული თანხმობის გაცემის წესები; დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება; ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენება აფხაზეთში; რელიგიური მოტივებით განპირობებული რწმენის გაცხადების თავისუფლება; ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენება სამართალდამცავ ორგანოებში; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობა, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება; სქესობრივი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიციების ჰარმონიზება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან; არასრულწლოვანთა ქორწინების პრევენცია და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა.
 

თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ზარანდიამ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობა ამ მიმართულებით. 
 

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ირინე ქურდაძის თქმით, კრებული განკუთვნილია როგორც იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის: მოსამართლეებისათვის, ადვოკატებისათვის, პროკურორებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, ისე ადამიანის უფლებათა საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. 
 

კრებულის გამოცემა მხარდაჭერილია საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის მიერ. 

 

თარიღი: 29/12/2022