საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საქართველო და იტალია: მეგობრობის მემკვიდრეობა საკუთარ იდენტობასა და ევროპისა და მსოფლიოს მიმართ გახსნილობას შორის“.

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის
ბატონ სერჯო მატარელას გამოსვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თბილისი,17 ივლისი, 2018წელი

„ბატონო რექტორო
ბატონო მინისტრებო
აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებო
ძვირფასო სტუდენტებო
ბატონებო და ქალბატონებო

ჩემთვის დიდი პატივია გამოსვლა კავკასიაში ყველაზე ძველ უნივერსიტეტში, მისი დაარსების მეასე წლისთავზე, რომელიც ასევე ემთხვევა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეასე წლისთავს. გილოცავთ საუკეთესო სურვილებით ამ  უმნიშვნელოვანეს ორმაგ იუბილეს!
ამ პრესტიჟული უნივერსიტეტის დაარსება შთაგონებულია ილია ჭავჭავაძის და მისი თაობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეალებით. ეს ქართველი პატრიოტი, უკვე XIX საუკუნის შუა წლებიდან ყურადღებით აკვირდებოდა ევროპული მოვლენების დუღილს და, განსაკუთრებით იტალიის გაერთიანების მოძრაობას - რისსორჯიმენტოს. იგი აღტაცებული იყო გარიბალდის ქარიზმატული პიროვნებით.
ამ უნივერსიტეტმა აღზარდა მრავალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ლიდერი ამ ქვეყანაში, რომლის იდენტობის სიმბოლოცაა, მაგრამ, ამავე დროს, მისი გახსნილობის სიმბოლოც. უნივერსიტეტს ფესვები აქვს გადგმული დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იმ ღირებულებებში, რომლებიც ევროპული ცივილიზაციისთვისაა დამახასიათებელი და რომელზე დაყრდნობითაც შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია.
     ეს იყო პროგრესული დოკუმენტი, რომელიც მოიცავდა ადამიანის უფლებათა მთელ წყებას, საყოველთაო არჩევნებში ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანი მონაწილეობით დაწყებული, სიკვდილით დასჯის გაუქმებით დამთავრებული. ეს იყო ქარტია, რომელიც იცავდა გამოხატვისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, სოციალურ და უმცირესობათა უფლებებს.
1921 წლის კონსტიტუაციას დიდ ხანს არ უმოქმედია. მაგრამ იგი, როგორც იდეალური საძირკველი დღესაც შთაგონების წყაროა, იმის დასტურად, რომ თბილისის ევროპული არჩევანი ახირება არ არის, არამედ ქართველი ხალხის გულში და მის ისტორიაში ფესვგადგმული მისწრაფებაა.
იტალიამ აღიარა საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ელჩი წარმოგზავნა. იგივე მოხდა 1992 წელს, როდესაც ქვეყანამ კვლავ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
დღეს იტალია საქართველოს გვერდითაა, მხარს უჭერს მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერს ქვეყანაში დემოკრატიისა და ეკონომიკის ზრდას.
ევროკავშირის ვალდებულებაა, ხელი  შეუწყოს ქვეყნის შიდა კონფლიქტით გამოწვეულ შედეგების აღმოფხვრას, რომლის შედეგად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ჩამოშორდნენ საქართველოს. ეს ვალდებულება მტკიცედ რჩება ძალაში, უპირველესად იმ ღონისძიებების წყალობით, რომლის მიზანია ორმხრივი ნდობის ზრდა. 

ბატონო რექტორო
ბატონებო და ქალბატონებო

ჩვენი მეგობრობა დიდი ხნის წინ დაიწყო, ქრისტიანობამდე, იმპერატორ ვესპასიანეს დროს. რომის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრის მეთვალყურე და ევროპასა და აზიას შორის ათსწლეულთა განმავლობაში გაჭრილი სატრანზიტო დერეფანი მრავალ იტალიელ მოგზაურს იზიდავდა. ქრისტიანობის დროიდან ჩვენს ორ ქვეყანას შორის კავშირები დასტურდება VI საუკუნის ბოლოდან, პაპი გრიგოლის ეპისტოლეში.
რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ვენეციელი მარკო პოლო  ასე ახასიათებს XIII საუკუნის ქართველებს: „ისინი ლამაზი ხალხია, მამაცი მეომრები და კარგი მშვილდოსნები. ქრისტიანები არიან და ბერძენთა სჯული უპყრიათ“.
XVII საუკუნეში თეატინელმა მამებმა გააცნეს ევროპას საქართველო.
შვიდ რვეულში, რომელიც ჩემი მშობლიური ქალაქის, პალერმოს ბიბლიოთეკაშია დაცული, კრისტოფორო კასტელიმ აღწერა საქართველოში გატარებული თითქმის მეოთხედი საუკუნის ამბები. „მიწიერი სამოთხე, სადაც ყვავის ძველი ბერძნული კულტურა, საქართველო იყო ჩემი სასძლო მრავალი წლის განმავლობაში“ - ჰყვება ეს მისიონერი მამა.
კასტელის ნახატები, შენიშვნები და წერილები ცოცხლად გვაცნობს იმდროინდელი საქართველოს მაცხოვრებელტა სახეებს და წეს-ჩვეულებებს. ეს ჩვეულებები, ერთი საუკუნით გვიან, მთავარი თემა გახდა კარლო გოლდონის  („მშვენიერი ქართველი ქალი“) და კარლო გოცის („ქალი -გველი“) ნაწარმოებებში, რომლებიც შთაგონებულია საქართველოს ისტორიითა და ლეგენდებით.
ეს ძვირფასი წყაროებია, ისევე, როგორ მოგზაურთა ცნობები.
ჩვენი მეგობრობა არაერთი სიტყვით და მრავალმხრივი სურათით შეგვიძლია აღვწეროთ. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“ 1629 წელს გამოსცა სტეფანო პაოლინიმ ქართველი ბერის მონაწილეობით. მოხარული ვართ, რომ სწორედ მისი სახელობისაა საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის იტალიური განყოფილება, რომელიც ორი წლის წინ გაიხსნა იტალიური წიგნის ფონდის დახმარებით. ფუჭი სიტყვები არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბევრი საერთო გვაქვს და წარმატებით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში. თვით საბჭოთა კავშირში ყოფნის დროსაც კი არასოდეს შეწყვეტილა ან შესუსტებულა იტალიაში ქართული ხელოვნების მიმართ ინტერესი. განსაკუთრებით, კინოს საშუალებით ვეცნობოდით საქართველოს, ისეთი ინტელექტუალების წყალობით, როგორიც იყო რეჟისორი და  მწერალი რეზო თაბუკაშვილი და პოეტი ტონინო გუერა, რომლებიც იყვნენ ჩვენს ხალხებს შორის დიალოგის დაუღალავი დესპანები.
საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იტალიის მეხსიერებაში, კეთილგანწყობაში, პატივისცემაში, საერთო გეგმებში. იგივე ხდება საქართველოში იტალიის მიმართ. 1968 წელს რამდენიმე ქართულმა ოჯახმა უმასპინძლა ბელიჩეს მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს.
90-იანი წლების დასაწყისში კი, როდესაც ომმა არია პატარა ქართველების ცხოვრება, წლების განმავლობაში ომის დრამატული ამბებით დაზარალებულ ასობით ბავშვს პალერმოელი ოჯახები მასპინძლობდნენ (პალერმო და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია). ქართველი ბავშვები იქ ატარებდნენ არაერთ ზაფხულს და ზღვის გარდა, სიხარულსაც პოულობდნენ. მათ იქ სოლიდარობის სითბო იგრძნეს, მათ იქ იტალიურ ენაზე და, განსაკუთრებით, ძმობის ენაზე შეეძლოთ ესაუბრათ. ეს ბავშვები გაიზარდნენ. მათი გამოცდილებიდან და მეგობრობიდან შეიქმნა თბილისის იტალიური სკოლა, რომელსაც შეუძლია იამაყოს შესანიშნავი ორენოვანი განყოფილების წარმატებით. ჩვენ ვაპირებთ, რომ გაუმჯობესდეს იტალიური ენის სწავლება ამ და ბევრ სხვა სკოლაში; ასევე ვაპირებთ გამოიყოს მეტი სტიპენდია უნივერსიტეტებისთვის. 300-ზე მეტმა ქართველმა ისწავლა ამ ბოლო წლებში ჩვენს უნივერსიტეტებში და სწორედ გუშინ მიღწეული შეთანხმება საშუალებას მოგვცემს კიდევ მეტი ერთობლივი ფონდი შეიქმნას.

ბატონო რექტორო
ქალბატონებო და ბატონებო

აღტაცებული ვარ თქვენი ანბანით, - ძველი და ძლიერი იდენტობის სიმბოლოთი.
ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ მითებში მოგვითხრობდნენ მისტიკურ და მომაჯადოებელ კოლხეთზე, სადაც არგონავტები ოქროს საწმისს ეძებდნენ.
ჩვენ ათასწლოვანი კულტურები გვაქვს. შესაბამისად, მათი დაცვის ვალდებულებაც გვაკისრია.
სწორედ ამიტომ, იტალიის მონაწილეობით შეიქმნა საქართველოს ეროვნული სააგენტო, რომლის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა.
არაერთი არქეოლოგიური მისია, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და დაწესებულების მონაწილეობით, მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ქართულ ობიექტებზე. ქართველი სპეციალისტები გადიან სპეციალიზაციის კურსებს კონსერვაციისა და რესტავრაციის უმაღლეს ინსტიტუტში და იღებენ იტალიური მთავრობის სტიპენდიებს ორმხრივი პროგრამების ფარგლებში.
შემოდგომიდან, ამ უნივერსიტეტის მონაწილეობითაც, შემოგთავაზებთ ახალ ინიციატივებს უახლეს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ხელშეწყობის მიზნით 2018 წელი გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპულ წლად.
მეგობრობა გაზიარებასაც ნიშნავს და ჩვენ გიზიარებთ ჩვენს საგანძურს.
ჩვენთვის ყველასთვის საამაყო მოვლენაა თბილისში ისეთ მსოფლიოში ცნობილი გენიოსების ნამუშევრების გამოფენა, როგორიცაა ბოტიჩელი, მიქელანჯელო, ტიციანი, ბერნინი. ახალგაზრდები უშუალოდ ეცნობიან კაცობრიობის საგანძურს, რომელსაც იტალია დიდი სიყვარულით პატრონობს. ხოლო ინსტიტუციებისთვის ეს თანამშრომლობის კარგი საშუალებაა. გამოფენების პარტნიორები უკვე მსჯელობენ ახალ ღონისძიებებზე, რომელშიც, იმედია, ქართველი და იტალიელი ხელოვანები ჩაერთვებიან და მომავალ წლებში ერთმანეთს უმასპინძლებენ.
ჩვენ არა მხოლოდ ვიზუალური ხელოვნება გვაერთიანებს, ჩვენს ქვეყნებს თეატრის სიყვარულიც საერთო აქვს. მართლაც, წელს დიდი როსინის წელია თბილისში (2018 წელს აღინიშნება მისი გარდაცვალების 150-ე წლისთავი).
თვით თბილისის ოპერაც იტალიურმა დასმა გახსნა დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურით“ 1851 წელს, ხოლო იტალიელმა ბალერინამ მარია პერინიმ 1916 წელს თბილისში გახსნა პირველი საბალეტო სტუდია, რომელსაც შემდგომ  ოპერის თეატრის კლასიკური ცეკვის სახელმწიფო სკოლა ეწოდა.
ჩვენი მეგობრობა მომავლისკენაცაა მიმართული. სამეცნიერო კვლევის ეროვნულმა ცენტრმა და შოთა რუსთაველის ფონდმა გააფართოეს კვლევის გეგმა და ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდმა, რომლის პრეზიდენობის პატივიც მაქვს, ინოვაციების ადგილობრივ სააგენტოსთნ ერთად  დააწესა პრემია საუკეთესო ქართველი ნოვატორისთვის, რომელიც თავის კვლევაზე იმუშავებს ბერგამოს განყოფილებაში, რომელიც ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი განყოფილებაა.
ბირთვული ფიზიკის ჩვენი ეროვნული ინსტიტუტი და პავიის ადრონული თერაპიის ონკოლოგიური ცენტრი მოლაპარაკებას აწარმოებენ საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობის მიზნით, კერძოდ, კიბოს სამკურნალო ნაწილაკების ამაჩქარებლის შექმნისა და კვლევის დარგში.

ბატონო რექტორო
ბატონებო და ქალბატონებო

საქართველოს შეუძლია იამაყოს საწარმოებისთვის ხელსაყრელი „ეკოსისტემით“, რაც დადასტურებულია მთავარი საერთაშორისო კლასიფიკაციებით.
იტალია, მანუფაქტურული პროდუქციის მწარმოებელი მეორე ევროპული ქვეყანაა და ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო გაცვლების მოცულობის მხრივ, შეიძლება გახდეს საქართველოს საიმედო და დინამიური პარტნიორი. ამის დასტურია ერთობლივი ეკონომიკური ფორუმი, რომელზე დასწრების სიამოვნება მერგო ბატონ პრემიერთან ერთად, და რომლის მთავარი თემებია ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და აგროინდუსტრია.
კიდევ არაერთ სექტორში შეგვიძლია და ვალდებული ვართ, გავაძლიეროთ ეკონომიკური კავშირი. მაგალითად, მწვანე ეკონომიკა ის სფეროა, სადაც ბევრია გასაკეთებელი და სადაც შესაძლებელია თანამშრომლობა ორმხრივად ხელსაყრელი შედეგებით. შესაძლებელია, რომ ამ თანამშრომლობის შედეგები მნიშვნელოვანი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისათვის.
გარემოს და რესურსების დაცვა, პირველ რიგში, ჩვენი ვალდებულებაა მომავალი თაობების წინაშე. მაგრამ, ამავე დროს, განვითარების ეფექტური ვექტორი, სტრატეგიული ინვესტიციაცაა, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და იტალია, რომლებმაც ბუნებრივი და ლანდშაფტური მშვენიერება მთავარ ტურისტულ  და ეკონომიკურ ინტერესად აქციეს.
ჩვენი ქვეყნების გარემოს დაცვის უწყებებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს და მსჯელობენ კონკრეტულ გეგმებზე.
ამ ვიზიტთან დაკავშირებით ჯანდაცვის უმაღლესმა ინსტიტუტმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ქართველ კოლეგასთან და UNICEF-თან ერთად მხარს დაუჭერს ქართველი ბავშვების ჯანმრთელობის მონიტორინგის პროექტს.

ბატონო რექტორო
ბატონო მინისტრებო
აკადემიური და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებო
ძვირფასო სტუდენტებო
ქალბატონებო და ბატონებო
ჩემს გამოსვლაში ხშირად ვახსენებდი სიტყვებს: ერთად, ახალგაზრდები, კულტურა.
სიტყვები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ინტერესების სფეროს წარმოადგენს, არამედ ევროპის კონტინენტის მომავლის ინტერესსაც.
გამაოცა ამდენი ევროპული დროშის დანახვამ, რომლებიც თქვენი დედაქალაქის სასახლეების თავზე ფრიალებენ, ქართულ დროშასთან ერთად.
თუმცა, გასაკვირი არაფერია. საკმარისია გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი მოგზაურობა 17-ე საუკუნეში, რომ დაბრწმუნდეთ, - ევროპა საქართველოსთვის ყოველთვის საკუთრი ბედის განუყოფელი ნაწილი იყო.
ნდობის გამომხატველია ის, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენ ყოველ დღე ვშრომობთ იმ დიდი გეგმების აღსასრულებლად, რომელმაც ევროკავშირი უნიკალურ წარმატებად აქცია ისტორიაში, მიზიდულობის ადგილად, რომელიც ტრიალებს ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების ირგვლივ და რომელიც მშვიდობის  და კეთილდღეობის ადგილია. ეს წარმატება მის ფარგლებს გარეთაც აღწევს, სადაც ევროპა ინარჩუნებს წინსვლის უნიკალური და კონკრეტული პროექტის ხიბლს, მათთვის, ვისაც ურთიერთგაზიარებული წესების სისტემა სურს, სისტემა, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიან თანაცხოვრებამდე, საერთო ძალისხმევამდე და არა დაპირისპირებამდე; სისტემა, რომელიც მეტ სტაბილურობას მოგვიტანს, დიფერენცირებულ და ღია, კონცენტრულ ინტეგრაციას, სინთეზს, და არა უთანხმოებას იმ მრავალ იდენტობას შორის, რაც ჩვენი კონტინენტის სიმდიდრეს წარმოადგენს.
ახალგაზრდებს და კულტურას, ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ერაზმუსის პროგრამის ახალგაზრდები მენტალური ან მატერიალური საზღვრებისგან თავისუფალი ევროპული ოცნების იმედია. კულტურის საშუალებით არის შესაძლებელი ყოველი ჩვენგანის განსაკუთრებულობის დაფასება და გაგება.
მხოლოდ ისტორიის ცოდნა და პატივისცემა გვაძლევს საშუალებას, რომ კვლავ არ აღმოვჩნდეთ საშიშ გზებზე.
საქართველოს არჩეული გზა უდიდეს პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებს.
ათასობით ქართველმა ახალგაზრდამ ისწავლა ევროკავშირის ქვეყნებში ერაზმუსის პროგრამის წყალობით და სექტემბრიდან თბილისი უმასპინძლებს პირველ ევროპულ სკოლას ევროკავშირის გარეთ.
საქართველოს შეუძლია აწარმოოს და ექსპორტზე გაიტანოს პროდუქცია საბაჟო გადასახადის გარეშე, ევროპაში და მსოფლიოს სხვა მრავალ რეგიონში, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების წყალობით.
საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ თავისუფალი გადაადგილების უფლების საოცარი სიკეთით: 250 000 მეტმა თქვენმა მოქალაქემ მოინახულა ევროკავშირის ქვეყნები ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან, ერთ წელზე ცოტა მეტ დროში.
თბილისის როლი ევროპული საერთო უსაფრთხოების  და თავდაცვის საქმეში კონკრეტულად განხორციელდა არა ერთ სამშვიდობო ოპერაციასა და მისიაში,  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებიდან მალიმდე და უკრაინამდე.
იტალია მუდამ  იქნება საქართველოს გვერდით, რომელთანაც ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს. ეს არის წარსული, რომელსაც დიდი მომავალი გააჩნია“.
თარიღი: 04/03/2019