საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

1928 წელს უნივერსიტეტში დაარსდა მომღერალთა გუნდი გრიგოლ კოკელიძის ხელმძღვანელობით, ის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და პარალელურად თბილისის სახემწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტზე სწავლობდა. მომღერალთა გუნდმა 1929 წელს საქართველოს მომღერალთა გუნდის მეორე ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა. ეს იყო ქალ-ვაჟთა გუნდი რომელიც ორმოცდაათი კაცისაგან შედგებოდა და საკმაოდ დიდი რეპერტუარი ჰქონდა.გუნდი წარმატებით ახორციელებდა როგორც ქართულ ხალხურ, ასევე ევროპულ სიმღერებს.

     1932-1933 სასწავლო წლებში სტუდენტთა ვოკალური გუნდის ჩამოსაყალიბებლად   უნივერსიტეტში მიიწვიეს კომპოზიტორი კოტე ფოცხვერიშვილი. სტუდენტთა გუნდი ოთხხმიანი იყო და სხვადასხვა კურსის და ფაკულტეტის სტუდენტებს აერთიანებდა. კოტე ფოცხვერიშვილმა გადაწყვიტა გუნდისთვის ფანდური და ჩონგური, ისევე როგორც სხვა ხალხური ინსტრუმენტები გამოეყენებინა საგუნდო სიმღერის შესასრულებლად, რისთვისაც მან ჩონგურის საუკეთესო მცოდნე აქვსენტი მეგრელიძე მოიწვია. მიუხედავად დიდი წარმატებისა გუნდმა 1934 წელს არსებობა შეწყვიტა.

     1937 წელს მომღერალთა საერთო-საუნივერსიტეტო გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა აქვსენტი მეგრელიძე, გუნდის რეპერტუარი შედგებოდა როგორც კლასიკური ასევე  ქართული ხალხური სიმღერებისგან. გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე აკაკი ურუშაძემ   ჩამოაყალიბა შესანიშნავი გუნდი, მალე მას მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.

არჩილ მესხიძემ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამოაყალიბა ოცდათხუთმეტ კაციანი მომღერალთა ჯგუფი, რომლის რეპერტუარშიც შედიოდა როგორც თანამედროვე ასევე ხალხური სიმღერები.

1947 წელს სოლომონ გველესიანის ხელმძღვანელობით   შეიქმნა თვითმოქმედი კაპელა, სადაც გაერთიანებული იყო ას სამოცდაათი სტუდენტი. მისივე ინიციატივით ყველა ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა მომღერალთა გუნდი, რომლებიც დამოუკიდებლად გამოდიოდნენ და ამასთანავე სწავლობდნენ საერთო სიმღერებს.

უნივერსიტეტის მომღერალთა გუნდი გამოდიოდა ყველა ოლიმპიადაზე და ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა. სოლომონ გველესიანის ხელმძღვანელობით გუნდმა მოამზადა ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პირველი და მეორე აქტის საგუნდო პარტია.

1979 წელს უნივერსიტეტის ვოკალური ანსამბლი ნორვეგიას ეწვია, ოსლოს ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში - „კონცერტ ჰაუსში“ , მომღერლებმა იშვიათი შთაბეჭდილება დატოვეს მაყურებლებზე. ამ დროისთვის ვაჟთა ვოკალურ ანსამბლს ხელმძღვანელობდა   ქართული სიმღერის შესანიშნავი მცოდნე, პედაგოგი კოტე მშვიდობაძე.

1990-იანი წლების დასაწყისში მამუკა დოლიძემ ჩამოაყალიბა უნივერსიტეტის კლასიკური მუსიკის კამერული ორკესტრი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში. ორკესტრი მიწვეული იყო გერმანიისა და ჰოლანდიის საერთაშორისო ფესტივალზე.

2001 წელს თამაზ მამალაძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ვაჟთა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი, რომელმაც არაერთი გრან-პრი მოიპოვა.მათი გასტროლები  მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით დაგვირგვინდა.

    2000-იანი წლების დასაწყისში რობერტ გოგოლაშვილმა ჩამოაყალიბა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი უნივერსიტეტი (დღეს „ ქართული ხმები“), რომელიც წარმატებით აგრძელებს უნივერსიტეტის ტრადიციებს. ანსამბლის რეპერტუარშია საქართველოს ყველა კუთხის ხალხური სიმღერა. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ძველი ქართული სიმღერების მოძიებასა და დამუშავებაზე. ანსამბლი შედგება 15 წევრისგან, ხელმძღვანელია - ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი ვ. დოლიძე. ანსამბლში მოხვედრა შეუძლია თსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც აქვს ვოკალური მონაცემები. ამისათვის სტუდენტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა შერჩევაში, რომელიც პერიოდულად ტარდება.