საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 26/12/2022 - 28/12/2022

2023 წლის 17 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით  მართავს უსაფრთხოების ზამთრის სკოლას საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.  ღონისძიება მიმართულია უსაფრთხოების სფეროში სწავლების ხელშეწყობის და ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისკენ.

 

სკოლის  ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები; საქართველო და ნატო; საქართველო და ევროკავშირი; ჰიბრიდული საფრთხეები; ტერორიზმი; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაული და სხვა. თეორიულ კომპონენტებთან ერთად პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებსაც, მათ შორის, სამუშაო ჯგუფებში მუშაობას; ლიდერობის და გუნდურობის სესიებს, ანალიტიკურ სავარჯიშოებს; პრეზენტაციებს; როლურ თამაშებს და სიმულაციებს.  „სტუმრის საათის“ ფორმატში მონაწილეები შეხვდებიან უსაფრთხოების სფეროს ექპერტებს და სპეციალურ სტუმრებს. გარდა ამისა, მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები და კულტურული ღონისძიებები.

 

პროგრამა შემუშავებულია უსაფრთხოების სფეროს წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ.

 

ზამთრის სკოლა გაიმართება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალის ბაზაზე.

 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, ტექნოლოგიების, უცხო ენების და სხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიდან.

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველი აუცილებელია აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა იყოს სახელმწიფო ან კერძო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე.

 

ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა აუცილებელია წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც მოიცავს სამოტივაციო წერილსაც (იხ. დანართი N1);
  • დეკანის მხარდამჭერი წერილი; 
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  

 

ზამთრის სკოლის მონაწილეთა კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:   

  • აპლიკაციების გადარჩევა;
  • ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტი, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი დონის სერტიფიკატს, გათავისუფლდება ტესტირებისგან);
  • გასაუბრება.

 

შერჩეულ კანდიდატებს შესაძლოა მოეთხოვოთ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია შეავსონ აპლიკაცია და გადმოაგზავნონ შემდეგ მეილზე: qasanidze@ssg.gov.ge მიმდინარე წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. (მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: ,,უსაფრთხოების ზამთრის სკოლა“)