საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,LMS.TSU.GE” - სტუდენტური ლიგის ტურნირის „პოპ-კულტურის საღამოების“ გამარჯვებული

სტუდენტური ლიგის ტურნირის „პოპ-კულტურის საღამოების“ გამარჯვებული სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ,,LMS.TSU.GE” გახდა. ტურნირში თბილისში არსებული უნივერსიტეტების საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო IT მიმართულების საერთაშორისო კომპანია Exactpro.


თსუ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ინგლისურენოვანი პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, „პოპ-კულტურის საღამოების“ მონაწილე ელო ამადისთვის Exactpro-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ელო გამარჯვებული გუნდის წევრია და სწორედ მას ეკუთვნის ინიციატივა, რომ აღნიშნული ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაეცნო. მისი ძალისხმევით შეიქმნა გუნდი ,,LMS.TSU.GE”,   რომელშიც  გაერთიანდნენ პოპ-კულტურით დაინტერესებული IT მიმართულების სტუდენტები:ელო ამადი, ანასტასია ქოიავა, ნიკიტა ბესპალოვი, ლაშა მახარაშვილი, ანა დამადაევა. . „LMS.TSU.GE“ სტუდენტებს შორის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნელა მომუშავე საიტი. ჩვენი გამარჯვებით კი დავამტკიცეთ, რომ არც ასე ცუდად არის საქმე,“ - ამბობს თსუ სტუდენტი ელო ამადი.
 

,,სტუდენტური ლიგის პირველი თამაში ჩატარდა Exactpro-ს  ოფისში, რომელიც, მოიგო თსუ სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა. იმავე დღეს დაიბადა იდეა, რომ  სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩავატაროთ მსგავსი ღონისძიება. თსუ კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელთან მანანა ხაჩიძესთან და Exactpro-ს წარმომადგენელთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ შემდგომი ტურნირი თსუ-ში გაიმართება, რომელშიც იმ უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც  IT მიმართულების სწავლება აქვს,“- განაცხადა ელო ამადმა. 
 

მისი თქმით,  ამ ტიპის ღონისძიებები სტუდენტებისთვის საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს ხელს უწყობს ერთი მიმართულებით მომუშავე ადამიანების კომუნიკაციას. ელო ამადის აზრით, სტუდენტური ლიგა ემსახურება ორ მიზანს: გართობა და ერთ სფეროში მომუშავე ადამიანების ერთმანეთთან დაახლოება, მათი კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობა.
 

სტუდენტური ლიგის ტურნირის „პოპ-კულტურის საღამოები“  7 რაუნდისგან შედგება, რომელიც მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: სპეციალურად დამუშავებული ფოტოსურათებიდან ცნობილი სახეების ამოცნობა,   სხვადასხვა  მელოდიის ამოცნობა,  პოსტერების საშუალებით ფილმებისა და ცნობილი წიგნების გამოცნობა და სხვა.
 

ელო გვიზიარებს თავის გამოცდილებებს და ამბობს, რომ ეს და მსგავსი ტიპის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის. გარდა იმისა, რომ ისინი ერთობიან, ამყარებენ ახალ კავშირებს. ამასთან კარიერული კუთხითაც საინტერესოა, რადგან კომპანიას ხშირად აქვს ვაკანსიები, რომლებიც შეიძლება  საინტერესო აღმოჩნდეს სტუდენტებისთვის: „ჩვენ გავიცანით ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევხვდებით და უკვე უცხოები არ ვიქნებით ერთმანეთისთვის. შესაბამისად,  მომავალში უკეთესად წარვმართავთ საუბარსაც და თანამშრომლობასაც.“

 

თსუ კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს IT მიმართულების საერთაშორისო კომპანიასთან Exactpro, რომლის საქმიანობაც არის მსხვილმასშტაბიანი უზრუნველყოფების ტესტირება და, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფების ინსტრუმენტების  შემუშავება. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად ახორციელებს,  კვლევითი/საგანმანათლებლო მიმართულებით საქმიანობას. ამასთან,  იგი  ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია თსუ კურსდამთავრებულებისთვის. ის, ასევე, ხშირად ახორცილებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს  უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით. ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა პოპ-კულტურის ტურნირი, რომელსაც დეკემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს და მასში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის  IT მიმართულების სტუდენტებს შეეძლებათ.

თარიღი: 08/11/2022